ვინ არის ტერორისტი, რომელმაც დღეს 49 ადამიანი მოკლა?

19:26 03-15-2019
5225

მამაკაცი, რომელმაც ახალ ზელანდიაში 49 ადამიანი მოკლა, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტია.

იგი ქალაქ ქრაისთჩერჩის მეჩეთში, შეიარაღებული შეიჭრა, Live-ვიდეო ჩართო და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. სოციალურ ქსელებში გაშვებული პირდაპირი ეთერი, რომელიც სისხლისღვრას ასახავდა, 17 წუთს გაგრძელდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებული პირი, მთელი ამ დროის განმავლობაში, გაუჩერებლად ისროდა. ტარანტი ჯერ მამაკაცების სამლოცველოში შეიჭრა და იქ მყოფები დახოცა, შემდეგ კი ქალების ოთახში გადაინაცვლა. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც გაქცევა მოასწრო.

BBC-ს ინფორმაციით, პოლიციამ 1 მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოცემა Daily Mail-ის თანახმად, სამართალდამცველებმა სწორედ ბრენტონ ტარანტი აიყვანეს და იგი სასამართლოში ხვალ გამოცხადდება.  

ბრენტონ ტარანტი ახალ სამხრეთ უელსის სოფელ გრაფტონში გაიზარდა. იგი პერსონალურ მწრთვნელად მუშაობდა და ვარჯიშით იყო გატაცებული.  მშობლიური მიწა მან მას შემდეგ დატოვა, რაც მამამისი კიბოთი გარდაიცვალა. მან ჩრდილოეთ კორეაში, პაკისტანსა და ევროპის ქვეყნებში იმოგზაურა. დროთა განმავლობაში ტარანტს ნეონაცისტური იდეოლოგია და მუსულმანებისადმი სიძულვილი ჩამოუყალიბდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი თავდამსხმელს „ექტრემისტ, მემარჯვენე ტერორისტს“ უწოდებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მეჩეთებში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რაც ახალი ზელანდიის პრემიერმა ტერაქტად შერაცხა, კიდევ 3 ადამიანია დაკავებული. მათი ვინეობა არ საჯაროვდება.

პოლიციამ ბრალდებულის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვა.

ავტორი: მარიამ გიგანი