"რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები" - ქეთევან ციხელაშვილი

18:25 03-15-2019
269

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის საკითხზე კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილი მოუწოდებს საზოგადოებასა და მედიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელებას სიფრთხილით მოეკიდონ და თავიდან აირიდიონ პროვოკაციები.

„მინდა მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მე მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის მედიას, ვიყოთ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები არის ოკუპირებული. საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.