ზურაბიშვილი სომხეთის საპატრიარქოს აკრიტიკებს - "ეს აღიქმება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად"

15:00 03-15-2019
1695

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის საპატრიარქოს აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილი  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატრიარქ გარეგინ II-ს შეხვდა. საუბარი შეეხო სოხუმში მდებარე სომხური ეკლესიის საკითხს, რომელიც სამხრეთ რუსეთის ეპარქიას დაუქვემდებარეს. 

პრეზიდენტი სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად შემდეგ განცხადებას ავრცელებს. 

გადაწყვეტილება, აფხაზეთში მდებარე სომხური ტაძრის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად. ველით, რომ მალე შესრულდება სრულიად სომხეთის კათოლიკოსის დაპირება და მოინახება შეთანხმებული გამოსავალი. 

სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტების კონტექსტში გუშინ კიდევ ერთი მკვეთრი განცხადება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრისას გააკეთა. 

ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს - აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი. 

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი