Exclusive ვატო არველაძეების ისტორიას აგრძელებს - „ამ ყველაფრისთვის მეცოდებოდა“ - თეონა თავართქილაძე

14:54 03-15-2019
1305

 „ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება!“ - შოთი არველაძე ამ ფრაზას სოციალურ ქსელში ძმისშვილის, რეზის უმცროსი ვაჟის მისამართით წერს.  21 წლის ვატო უკვე ერთი წელია პოლონეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. კელცეს "კორონამ" ახალბედა ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივისგან" შეიძინა. არველაძეს პოლონურმა კლუბმა შარშან 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. კელცეს „კორონას“ საიტით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვატო ბომბარდირია და ის პერსპექტიული ფეხბურთელია. 

ახლახან ის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. აქამდე თუ ახალგაზრდულში ასპარეზობდა, უკვე ნაკრებთან ერთად ითამაშებს. ახლო მომავალში ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში აქვს - თბილისსა და ირლანდიაში.  

„ძმები არველაძეების ვაჟებს შორის მხოლოდ ვატო გაჰყვა ფეხბურთს“ – „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება ვატოს დედა,  დიზაინერი თეონა თავართქილაძე. თეონა ასევე აღნიშნავს, რომ ვატომ ფეხბურთი პროფესიად გაიხადა და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. 

 

„ვიწყებ კივილს, თავი დაანებეთ-მეთქი“ 

თეონა თავართქილაძე: - რეზი ახლა პოლონეთში ვატოსთან ერთადაა. მამამისიც და განსაკუთრებით ბიძები - აჩი და შოთი ძალიან ბევრს, მაქსიმუმს თხოვენ, არაფრით კმაყოფილები არ არიან და სულ კრიტიკულად არიან განწყობილნი. ეს, ალბათ, სწორი მიდგომაა. თუმცა ხანდახან მგონია, რომ ბავშვი ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა და ვიწყებ კივილს, თავი დაანებეთ-მეთქი. 

- როგორი ადამიანია?

- ფეხბურთს რომ გაყოლოდა, წინააღმდეგი ვიყავი. სწავლას ვეღარ ახერხებს. კითხვა უყვარს. დრო რომ ჰქონდა, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებზე თავისი სურვილით დადიოდა. ისტორია აინტერესებს, სულ კითხულობს. მაგრამ ახლა სპორტს ბევრი დრო მიაქვს და ეს პროფესიონალური კუთხით ბუნებრივიცაა. რომ ვიცოდი, რა რეჟიმი აქვს ფეხბურთელს, ამ ყველაფრისთვის მეცოდებოდა. წარმოუდგენელი რეჟიმი აქვს. დილით ვარჯიშობს, მერე აუცილებლად უნდა დაიძინოს. მერე მეორე ვარჯიში აქვს. მთელი დღე დატვირთულია და ხელის შეწყობა უნდა. ეს მერე მისი მეუღლისთვისაც რთული იქნება. 

 

„ცოლის მოყვანას არ აპირებს, რა საჩქაროა?!“

- ჰყავს შეყვარებული?

- ჰყავს.

- ვინ არის?

- ძალიან კარგი, საყვარელი ქართველი გოგონაა. 

- ხომ არ ირთავს ცოლს?

- არა, ჯერ არ აპირებს. რა საჩქაროა?!

- როგორი მაყურებელი ხართ?

- მე არაკომპენეტური მაყურებელი ვარ. თუ ჩემიანი არ თამაშობს, არ ვუყურებ. ამ დროს ჩემი ოჯახი სულ ფეხბურთით ცხოვრობს. არველაძეებამდე ჩემ ოჯახში ბიძაჩემი - კახი ასათიანი იყო ფეხბურთელი. მაგრამ როცა ჩემი შვილი თამაშობს, კიდევ სხვა რამ ყოფილა. ვატო რომ თამაშობს აბსოლუტურად არაადეკვატური ვარ. არ ვიცი, რას ვაკეთებ. წარმოუდგენელი შეგრძნებაა. 

რეზის და თეონას უფროსი ვაჟი 24 წლის ნიკაც ჰყავს, რომელიც ლონდონში უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 

 

თამარ გონგაძე