ბოინგ 737-800-მა რუსეთში საგანგებო დაშვება განახორციელა

14:23 03-15-2019
25

ბოინგ 737-800-მა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, კერძოდ ქალაქ სიკტივკარში, საგანგებო დაშვება განახორციელა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სატრანსპორტო ოფისის განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ ძრავის გაუმართავობა გახდა. 

ბოინგი რეისს ქალაქ მირნიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის დროს  მგზავრები არ დაშავებულან. 

მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

ბოინგ 737 MAX მოდელის თვითმფრინავებმა ბოლო 5 თვეში 2 ავიაკატასტროფა განიცადა. ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარ შემთხვევებს ჯამში 340-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოინგ 737 MAX ბოინგ  737-800-ზე გაცილებით ახალი მოდელია. ავიაკატასტროფების გამო, ამ ტიპის თვითმფრინავები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა. თვითმფრინავების კომერციული გამოყენება თავად კოპრორაცია "ბოინგმაც" შეაჩერა.

აქვს თუ არა კავშირი რუსეთში მომხდარ ინციდენტს "ბოინგის" სკანდალთან, ჯერ უცნობია. 

ავტორი: მარიამ გიგანი