ქართველი მუსიკოსები რუსული საფრთხის წინააღმდეგ

12:00 03-15-2019
506

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია საქართველოზე, უკვე თითქმის ორი წელია, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მიზნით ზეწოლას ახდენს და მომღერლების, დავით ხუჯაძისა და აჩი ფურცელაძის მიერ რუსეთის ავტორთა საზოგადოების ქუდქვეშ შექმნილი ორგანიზაციის მეშვეობით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

საქართველოში პირველი მუსიკოსი, რომელსაც “ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციამ” თანამშრომლობა შესთავაზა, დავით ევგენიძე იყო. მას პირადად დაუკავშირდნენ და თავმჯდომარეობა შესთავაზეს. 

“არანაირი თანხა არ არსებობს, რომელზეც დათო ევგენიძე გაიყიდება” - ამბობს ევგენიძე “პრაიმტაიმთან” საუბარში.  

“მიწის ოკუპაციაზე არანაკლებ საშიში ინტელექტის ოკუპაციაა. მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და როგორც ყოველთვის, ჩემი ქვეყნის გვერდით ვდგავარ. 

ოკუპაცია ერთხაზოვანი ქმედება არ არის. ეხლა უკვე ინტელექტის მავთულხლართებით ყიდვა ხდება. ეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა და მათ გვერდით არასდროს დავდგები” - დავით ევგენიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს რუსეთის საავტორო ორგანიზაციის (RAO) მიერ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACO) დაფუძნდა. რუსეთმა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი კონფედერაციაში შეიყვანა. პარალელურად, RAO-ს მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი (IP CHAIN) შეიქმნა, რომელმაც კონფედერაციის წევრ წვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება დაიწყო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მიზნით, საქართველოზე ზეწოლა 2017 წლიდან დაიწყო. რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) ევრაზიული კავშირის წევრი არ გახდა. 

“პრაიმტაიმი” რამდენიმე ქართველ მუსიკოსს დაუკავშირდა. ყოველი მათგანი „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ საქმიანობაში კარგად გარკვეულია და ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციის მცდელობას, თავის მხარეს გადაიბიროს ქართველი მუსიკოსები, აღშფოთებულები ხვდებიან. 

“პარადოქსია რაც ხდება. დღეს როდესაც საქართველო სწორი ნაბიჯებით ევროპისკენ მიდის, უცებ შემობრუნება და ევრაზიის ფრთის ქვეშ გაერთიანების შემოთავაზებაც კი უხერხულად მეჩვენება” - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

როდესაც მივდივართ ევროპისკენ, რატომ უნდა მივბრუნდეთ რუსეთისკენ? არ მგონია სწორი იყოს, რუსეთმა გააკონტროლოს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება. მე ოთხმა ადამიანმა დამირეკა და მითხრეს, რომ მოსკოვში ჩვენი კუთვნილი ფული დალექილი იყო, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ კონფედერაციის წევრები გავხდებოდით, ამ ფულს გადაგვიხდიდნენ. დღეს „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში“ ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა, ვიდრე წლების წინ იყო. ჰონორარს სისტემატიურად ვიღებთ და იმაზე ფიქრიც კი, რომ რაიმე თანხა ჩვენამდე არ მოდის, აბსურდია. საერთოდ არც აქვთ უფლება, რომ ეს სტრუქტურა შექმნან. რისი იმედი აქვთ ან რას აპირებენ, ვერ გეტყვით, ალბათ გადაბირების. საავტორო უფლებათა ასოციაციაში გაერთიანებულ ჩემ მეგობრებს და კოლეგებს მინდა ვთხოვო, რომ კარგად დაფიქრდნენ და დაპირებებს ნუ აჰყვებიან. 

კომპოზიტორ კახა ცაბაძის თქმით, მეორე ორგანიზაციაზე ფიქრიც კი, როდესაც ქვეყანაში საავტორო უფლებათა ასოციაცია უკვე არსებობს, არასერიოზულია. “თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, ვისაც საქართველოსთვის სიკეთე უნდა, ღმერთმა გაუმარჯოს. მე ამისი არ მჯერა. 

საქართველო კულტურის თვალსაზრისით განსაკუთრებული ქვეყანაა. უნდათ, რომ მათ ხელში იყოს ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც საქართველოში საავტორო უფლებათა ასოციაცია უკვე არსებობს, როგორ შეიძლება სხვა ორგანიზაციაზე ფიქრი. ეს ხომ ყველაფერს არევს” – ესაუბრება “პრაიმტაიმს” კახა ცაბაძე.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“  ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. ქართული ორგანიზაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ქვეყნის 5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს აერთიანებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობს და რეგიონში დღემდე ლიდერის პოზიციაზეა.

დავით ხუჯაძისა და აჩი ფურცელაძის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, თითქოს უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა, რაც იურიდიული ნონსენსია. 

•  კანონით მკაფიოდ არის დადგენილი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის კრიტერიუმები: ასეთი სტატუსისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან.

სფეროში 239 ორგანიზაცია მოქმედებს. საიდანაც 202 ორგანიზაციასთან GCA-ს ხელშეკრულება გაფორმებული უკვე აქვს და ეს ორგანიზაციები სხვასთან ვერ გააფორმებენ თუ GCA-თან არ გაწყვეტენ, გაწყვეტას კი მიზეზები სჭირდება, რაც არ არსებობს. 

• კანონით დაშვებულია სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა. მუსიკის სფეროში ასეთი ორგანიზაცია უკვე არსებობს GCA-ს სახით და მეორეს შექმნა დაუშვებელია. 

ასოციაციის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციის გავრცელება, ტყუილი დაპირებების გაცემა და ასოციაციის რიგებში არეულობის შეტანის მცდელობა დაიწყო. რუსეთის ბრალდება, თითქოს GCA გამჭვირვალედ არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა და CISAC-ის სტანდარტებს შეესაბამება.  

შემდეგი ბრალდება, რომელსაც რუსეთი GCA-ს უყენებს, არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში RAO-მ GCA-ში რამდენიმე მილიონი ლარი გადმორიცხა, რომელიც ქართველებს არ მიუღიათ, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში RAO-ს ჯამში გადმორიცხული მხოლოდ 125 653.61 ლარი აქვს, რომელიც მთლიანად განაწილებულია. 

რუსეთი ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს რესტორნებში დააყენებენ ხმის ჩამწერ მოწყობილობებს, რომლითაც გააკონტროლებენ შესრულებულ მუსიკას. ამ დროს კი GჩA უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ესპანურ კომპანია BMAთ-თან, რომლის მეშვეობითაც სატელევიზიო არხების მონიტორინგი მიმდინარეობს და იგივე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვების დაწესებულებების მონიტორინგიც. 

რუსული საფრთხის შეკავების მიზნით ასოციაციამ, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, BRAVO Records-თან და GMI Rights Management-თან ერთად დაიწყო კამპანია:

არა ინტელექტის ოკუპაციას!

ასოციაცია ყველა ხელოვანს მოუწოდებს, რომ კამპანიას შეუერთდნენ და 

ერთად შეაკავონ რუსული საფრთხე!