ლევან იზორია - „სამხედრო ინსტიტუტების იმიჯის შელახვას არ დავუშვებ“

11:32 03-15-2019
19

თავდაცვის მინისტრი პირობას დებს რომ სამხედრო ინსტიტუტების იმიჯის შელახვას არ დაუშვებს. ლევან იზორიამ ეს განცხადება სასწავლო ცენტრ  „კრწანისში“, უმცრეს უფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონიაზე გააკეთა.

მან სამხედროებთან მიმართვისას კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ ფორმით ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

„არის მცდელობები წარმოაჩინონ თითქოს არსებობს ინსტიტუციური პრობლემები. ვინც ამას აკეთებს მინდა მათ გასაგონად ვთქვა - სამხედრო ინსტიტუტების იმიჯის შელახვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ დავუშვებთ. ინციდენტი ხდება ყველა უწყებაში, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს არ იყოს სისტემატიური. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს„ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა შეიარაღებული ძალების მეთაურმა. როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განმარტა, გახშირებულია კრიტიკული შეფასებები, რაც ნებით თუ უნებლიედ ემსახურება თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას და ეს პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ შორის ჩაჩიბაიამ შემდეგი ფრაზა გამოიყენა, რომ ამგვარი კრიტიკოსები უნებლიედ მტრის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ კომპონენტად იქცევიან.

ბექა პატურაშვილი