სასულიერო პირის სკანდალური ჩვენება - რა საქმეზე დაკითხა გამოძიებამ პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი?

11:13 03-15-2019
740

სასამართლომ სხვადასხვა დროს არაერთი სასულიერო პირი გაასამართლა. ბოლო მღვდელი, რომელსაც ტაძრის ნაცვლად ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიუჩინეს ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია სხვა მღვდელმსახურების ისტორია, რომლებიც ასევე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. თვითმარქვია მღვდლების საქმე, რომლის მთავარი ფიგურანტი ხაშურის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური გახლდათ.

ამ საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო. მაშინ სასულიერო პირმა აღიარებით ჩვენებაში დეტალურად აღწერა, ვის, როგორ და რა პირობით უმზადებდა საპატრიარქოს ყალბ ცნობებს გერმანიის ვიზის მისაღებად.

ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ამ გზით გერმანიაში არაერთი პირის გამგზავრება მოახერხა, თითქოსდა ისინი სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები იყვნენ და გერმანიაში მოსალოცად მიემგზავრებოდნენ. ანაფორებში გადაცმული ბოლო ოთხკაციანი ჯგუფი კი იმ დროს გამოიჭირეს, როდესაც საელჩოს ქართველმა თანამშრომელმა თავი მოიდრიკა და თვითმარქვია მღვდლებიდან ერთ-ერთს დალოცვა სთხოვა. აღნიშნული პიროვნება „სასულიერო პირის“ არაადეკვატურმა რეაქციამ დააეჭვა, საელჩოს შესაბამისი სამსახური საქმის კურსში ჩააყენა, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ. საბოლოოდ დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან სამი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე პროკურატურის დადგენილებით განთავისუფლდა, მათ შორის გახლავთ გ.. რომელმაც გამოძიებას დეტალურად მოუყვა, როგორ აპირებდა გერმანიაში მოხვედრას.

„გერმანიაში წასვლის შესახებ იცოდნენ ჩემმა ნათესავებმა, მათ შორის ჩემი ოჯახის ნათესავმა ო.ც-მ, რომელიც არის მღვდელი და მსახურობს ხაშურის რაიონში არსებულ რამდენიმე ეკლესიაში. ო.ც-მ მითხრა, რომ პასპორტი გამეკეთებინა და ის მომიგროვებდა საბუთებს, რითაც შევიდოდი გერმანიის საელჩოში ვიზის მისაღებად. 2014 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისის იუსტიციის სახლში შევიტანე საბუთები პასპორტის ასაღებად. გადავიხადე 150 ლარი და დაჩქარებული წესით მივიღე პასპორტი სამ დღეში. მამაომ მითხრა, რომ მან საელჩოში საბუთების შესატანად ჩამწერა 2015 წლის 20 იანვარს და თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ დღეს. იმ დღეს მე მამაოს შევხვდი ხაშურში, სადაც გადმომცა საბუთები, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაცემული წერილი იმის შესახებ, რომ თითქოს მე ვიყავი ლაზარე (გ.ბ), რუისისა და ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და ჩემი ყოველთვიური შემოსავალი, შემოწირულობის სახით, შეადგენდა 1000-დან 1300 ლარს. აღნიშნულ წერილზე დასმული იყო საქართველოს საპატრიარქოს ბეჭედი. მამაომ, ასევე, გადმომცა შავი ფერის ანაფორა და მითხრა, რომ ანაფორა ჩამეცვა საელჩოში საბუთების შეტანის დროს. მართლაც, საელჩოში მისვლის დროს, შენობის უკან გადავიცვი მამაოს მოცემული ანაფორა და საბუთებთან ერთად მივედი საელჩოს თანამშრომელთან“, – ყვება გ.ბ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა გ.-მ და თ.-მ მამაოს წინასწარ 100-100 აშშ დოლარი გადაუხადეს, ხოლო ვიზის მიღების შემთხვევაში მისთვის 1100 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ. თავად მისგან კი, ნათესაური კავშირის გამო, არანაირი თანხა არ აუღია.

ახლა კი მოდით, ვნახოთ, რას ყვება დოკუმენტაციის გაყალბებასა და საპატრიარქოს სახელის უკანონოდ გამოყენებაში მხილებული სასულიერო პირი. გთავაზობთ ამონარიდებს ო.ც-ს ჩვენებიდან, რომელიც მან გამოძიებას 2015 წლის 28 მარტს მისცა.

„2003 წლიდან ვარ სასულიერო პირი… დაახლოებით 4 წლის წინათ მინდოდა გერმანიაში წასვლა მოსალოცად, ამიტომ მივმართე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რათა მოეცა ცნობა იმის შესახებ, რომ მე ვარ სასულიერო პირი. როდესაც ეს ცნობა ავიღე, მივმართე გერმანიის საელჩოს, რათა ჩემთვის მოეცათ ვიზა. ვიზის მიღების შემდეგ მართლაც ვიყავი გერმანიაში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ ჩავედი გერმანიაში და როდესაც გერმანიაში წასვლა მინდა, ყოველთვის წერილობით მივმართავ მიქაელ ბოტკოველს, რომ ჩემზე გასცეს ცნობა. ამ ცნობის აღების შემდეგ მივმართავ გერმანიის საელჩოს, რომელიც ყოველთვის მაძლევს ვიზას, ვინაიდან ჩემს პასპორტში უკვე რამდენიმე ვიზა ფიქსირდება და მე არ მაქვს სავიზო რეჟიმის არც ერთი დარღვევა.

დაახლოებით სექტემბერში ჩემმა ბიძაშვილმა ი.ც-მ მთხოვა, რომ დავხმარებოდი გერმანიაში გამგზავრებაში. მე მას ვუთხარი, რომ ყალბ ცნობას დავუმზადებდი, თითქოს ის იყო რომელიმე ტაძრის წინამძღვარი და ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, თუმცა ამავე დროს გავაფრთხილე, რომ შეიძლება ამის გამო პრობლემები შეჰქმნოდა. მან კი მითხრა, რომ ამ შემთხვევაში ჩემ მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა. ამის შემდეგ მე დავაქსეროქსე მიქაელ ბოტკოველის მიერ ჩემზე გაცემული ცნობის ბლანკი, მასზე მოვაწერე ხელი, დავარტყი ჩემი ბეჭედი და აღნიშნული ბლანკი გადავეცი ი.ც-ს, რომელსაც ვუთხარი, რა შინაარსის ტექსტი უნდა დაებეჭდა ბლანკზე. ამის შემდეგ წავედი ბათუმში ოჯახთან ერთად, ი.ც-მ კი მიმართა გერმანიის საელჩოს“, – ყვება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სასულიერო პირი და იქვე დეტალურად აღწერს სხვა ანალოგიურ შემთხვევებს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმის ფარგლებში გამოძიებამ დაკითხა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველიც, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ცნობა არ გაუცია. დეკანოზი იქვე განმარტავს საპატრიარქოს მიერ საელჩოში წარსადგენი ცნობის გაცემის წესებს. ირკვევა, რომ ასეთი ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი მხოლოდ პატრიარქის მდივანი გახლავთ, რომელიც კონკრეტული ეპარქიის მღვდელმთავრის მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

ამ საქმეში ბრალი წარედგინათ იმ პირებს, რომლებიც გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ გერმანიის ვიზის მიღებას, თუმცა თავად გაყალბებაში მხილებული სასულიერო პირი საპატიმრო სასჯელს გადაურჩა.