პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული სამი სხვადასხვა კანონპროექტის განხილვას იწყებს

20:19 03-14-2019
27

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა  და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული  კანონპროექტების განხილვას იწყებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი სხვადასხვა კანონპროექტია ინიცირებული,  რომელიც ირაკლი კობახიძეს, ეკა ბესელიასა და   “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის. 

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებებით,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა რეგულირდება. დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი პარლამენტში გრძელდება.

დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც მოსამართლე, ისე არა მოსამართლე წევრების მხარდაჭერა. 

“ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, მათი პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად.საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსია საჭირო.

კანონპროექტებს ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.   იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა 16 მარტს გაიმართება.