საგარეო საქმეთა მინისტრი ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის გაფართოებას არ გამორიცხავს

19:37 03-14-2019
15

"ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე თუ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება და  იმ კრიტერიუმებში მოხვდება რა კრიტერიუმებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დადგენის დროს იყო, სია გაფართოვდება" – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის კრიტიკა და დისკუსია ყოველთვის მისაღებია.

„რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დისკუსია, ჩემთვის მისაღები და სასარგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს ბევრ რამეში არ ვეთანხმები და რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. შესაძლოა, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე არა, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაციაა. მაგრამ მიზნისკენ მიმავალ გზებზე და ფორმებზე არის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები. მთავარია, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია  წარდგინა. დეპუტატებმა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.