თორნიკე კაჭარავას ფეხსაცმელში "სუბოტექსის" არსებობა არ დაუდასტურდა - რა განაჩენი გამოუტანეს მინდია გოგოჭურის მეგობარს?

18:25 03-14-2019
509

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანასაულოდ სცნო. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. 

ბრალდების მიხედვით, კაჭარავას 20 აბი "სუბოტექსი" ფეხსაცმელში ჰქონდა გადამალული, თუმცა თავად განსასჯელი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა და თავის დროზე პოლიცეილებმა ჩაუდეს. სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პოლიეთილენის პარკზე თორნიკე კაჭარავას ბიოლოგიური მასალის ნაცვლად, სულ სხვა პიროვნების დნმ აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ ნაწილში მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა, თუმცა მეორე ბრალდების ნაწილში, კერძოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე მას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 

ცნობისთვის: თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად ჰქონდა წარდგენილი 2011 წელს ახალგაზრდა მამაკაცის, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ფაქტზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 24-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა იმ მომენტში კაჭარავა უკვე მიმალვაში იმყოფებოდა. ის ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა.

ამჟამად პატიმრობაში იმყოფება თორნიკე კაჭარავას ძმა, დავით კაჭარავაც. მას გამოძიება ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დავით კაჭარავას სახელი მინდია გოგოჭურთან ერთად თბილისში მომხდარ რამდენიმე შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც ფიგურირებს.