იმქვეყნადაც ერთად ვიქნებით - მოხუცი წყვილის ნანატრი ჯვრისწერა 40 წლის შემდეგ (ვიდეო)

18:20 03-14-2019
1643

ერთად ყოფნა 40 წლის წინ გადაწყვიტეს და დღემდე ასე მოდიან. სიბერემ ფიზიკურად დააუძლურათ, თუმცა ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც მაშინ. 82 წლის ბეჟან ჯოხაძემ და 81 წლის იზო გეგეშიძემ დიდი ხნის ნატვრა აისრულეს და 26 თებერვალს ჯვარი დაიწერეს. სიბერეში ჯვრის დაწერის გადაწყვეტილება იზომ მიიღო. ამბობს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩათ და იმქვეყნადაც ერთად უნდათ ყოფნა. ბეჟანი ინსულტის გამო უკვე 9 წელია საწოლსაა მიჯაჭვული.  40 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე მხოლოდ ტკბილი მოგონებები დარჩათ. იზოს გული წყდება, რომ შვილები არ ეყოლათ. წლების წინ ბავშვის აყვანაც გადაწყვიტეს, მაგრამ ბიუროკრატიულმა სირთულეებმა ხელი შეუშალა. რამდენიმე დღის წინ ბეჟანი საავადმყოფოში მოხვდა. ახლა მას საყვარელი მეუღლე პატრონობს. მათი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც ძირითადად მედიკამენტებსა და საკვებში ეხარჯებათ.

იზო ბებო “პრაიმტაიმს“ გულახდილად უყვება, როგორია მისი  ცხოვრება მძიმე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად და ახლაც როგორ უყვართ ერთმანეთი... 

იზო გეგეშიძე: - ერთმანეტი ინსტიტუტში გავიცანით. წლების შემდეგ ვიქორწინეთ. სამწუხაროდ, შვილი არ შეგვეძინა, მაგრამ ეს ჩვენს სიყვარულზე არ ასახულა. გვინდოდა, ბავშვის აყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ხელი შეგვეშალა და დავრჩით მარტოები, ერთმანეთის იმედად. ორივეს გვყავს ძმისშვილები, მაგრამ ისინი რაიონში არიან და ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით სანამ ჩემი მეუღლე ლოგინად ჩავარდებოდა. უკვე 9 წელია რაც, სარეცელსაა მიჯაჭვული, მაგრამ პატარა ბავშვივით ვუვლი. ვცდილობ, არაფერი მოვაკლო. მართალია, ბევრი რამ არ გვაქვს, სოციალურად დაუცველები ვართ, თითოეულს 50 ლარს გვაძლევენ. პენსიაც გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტაა თანხა, თითქმის არაფერში არ გვყოფნის, არც მედიკამენტებში. უკვე ორი დღეა, რაც ბეჟანი  საავადმყოფოში წევს. მართალია, იქ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ მათაც ვერ ვანდობ ჩემს ქმარს და ღამეს სკამზე მჯდომი ვუთევ. მეშინია, არ დაახველოს ან წყალი არ გადასცდეს. ამიტომაც, მე თვითონ მოვუარო მირჩევნია. ჩემსავით მას ვერავინ ვერ მოეპყრობა, თანაც ვეღარ საუბრობს. ნელ-ნელა დაკარგა მეტყველების უნარი. მანამდე ვართობდი, ვეთამაშებოდი საწოლად რომ ჩავარდა დეპრესიაში ჩავარდნის მეშინოდა და არ ვაგრძნობინებდი. ახლა, მხოლოდ ჩემს სახელს იძახის, ვჭირდები თუ არა, მაინც იზა, იზაო გაიძახის. მეც მისკენ გავრბივარ ყოველ დაძახებაზე. ამას წინათ მითხრეს, ჯვარი დაწერილი რომ არ გაქვს საიქიოში ერთად ვერ მოხვდებითო და ამის წარმოდგენისაც კი შემეშინდა. ამიტომ ჯვრის წერა გადავწყვიტეთ. მინდა, საიქიოშიც ერთად ვიყოთ, უერთმანეთოდ არც იქ არ გვინდა. მოძღვარი სახლში მოვიდა და მწოლიარე ქმართან ჯვარი დამწერა, ძალიან გამიხარდა. მასთან მხოლოდ სიკვდილი მაშორებდა და ახლა ისიც ვეღარ... 

ახლა, აღარაფერი მაშინებს. მართალია, განვლილ ცხოვრებაზე ბევრს ვნანობ, მაგრამ მეუღლე მყავს არაჩვეულებრივი და მან გადაფარა ყველაფერი. ამ დუხჭირ ცხოვრებაში მხოლოდ ის მახარებს, რომ 40 წლის ოცნება ამიხდა, ჯვარი დავიწერეთ და საიქიოშიც ჩემი ქმრის ცოლი ვიქნები.

თორნიკე ყაჯრიშვილი