„ატოცის ასკილი“ - სოციალური კამპანია მიწის გარეშე დარჩენილი ატოცელებისთვის

17:39 03-14-2019
262

სარჩოს გარეშე დარჩენილმა ატოცის მოსახლეობამ გადაწყვიტა ტყეში ასკილი დაეკრიფათ და გაეყიდათ. ამ გზით გამომუშავებული თანხა კი, თანაბრად გაეყოთ. სანამ ქართლში ოკუპანტები მავთულხლართებს გააბამდნენ, მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობით ირჩენდა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც სახნავ-სათესი მიწები მავთულხლართებს მიღმა მოყვა. ატოცელები ულუკმაპუროდ დარჩნენ, ასკილი კი მათი გადარჩენის ერთადერთ იმედად იქცა...  

სულ რაღაც სამი თვეა, რაც ატოცის ასკილი დედაქალაქში გამოჩნდა. მანამდე გორის ბაზარში კილოგრამს მიზერულ თანხად, 50 თეთრად ყიდდნენ. თბილისში რამდენიმე რესტორანი და მაღაზია გაერთიანდა, მათ სოციალური კამპანია წამოიწყეს. მალევე შეუერთდნენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. ზოგიერთმა ასკილის შესაფუთად საჭირო ქაღალდის პარკები უსასყიდლოდ დაამზადეს, ზოგმაც  - სავაჭრო ნიშანი „ატოცის ასკილის“ სპეციალური ლოგო შექმნეს. ბოლოს, თითო კილოგრამად დაფასოებული ატოცური ნაყოფი სულ რამდენიმე დახლზე მოხვდა.

ბრენდირებული ატოცის ასკილი ატოცელების გადარჩენის ერთგვარ საშუალებად იქცა. საოკუპაციო ხაზთან მოკრეფილი ნაყოფის რეალიზება და ამ სოციალურ კამპანიაში ჩართვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ჩვენ უკვე ვიყიდეთ...

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური