რობერტ სტურუას ტოტალურ უგემოვნობასა და ადამიანების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

17:05 03-14-2019
1012

 12 მარტს დამფუძნებელი კრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რობერტ სტურუას წარმოდგენით „ბედი ქართლისა“ დასრულდა. რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე თეატრმცოდნეები არ დაუპატიჟებიათ. სამაგიეროდ ფორმალური და არაფორმალური ლიდერები, მთავრობა, პოლიტიკოსები - სრული სპექტრით გახლდნენ. სპექტაკლს ესწრებდნენ ისტორიკოსებიც. სწორედ ისინი აკეთებენ მძაფრ შეფასებებს სტურუას „ბედი ქართლისაზე“. მეტიც - შოკში არიან ნანახით. 

100 წლისთავზე, ამ დღისადმი მიძღვნილ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ოდნავი ნასახიც კი არ ჩანდა, რომ ხსენებული პერიოდი ჩვენი ისტორიის ნაწილია. ავტორმა წარმოდგენას “არაისტორიული ფანსტასმაგორია” დაარქვა. „ამდენი სისულელე ასე ერთად და ასე უნიჭოდ, ჯერ არ მინახავს“ - აცხადებს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე. 

სპექტაკლი რობერტ სტურუამ სახელმწიფოს დაკვეთით დადგა. როგორც აღმოჩნდა, ავტორიტეტისადმი ნდობამ ამჯერად არ გაამართლა. 

რადიოთავისუფლებაზე გოგი გვახარიას სტუმრად მივეული ჰყავდა ლაშა ბაქრაძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. 

ლაშა ბაქარაძე: - ეს არ იყო პათეტიკური ან გადატყლარჭული წარმოდგენა. ეს იყო კეთილსა და ბოროტს მიღმა.  უგემოვნობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ცრემლიც მომადგა, ეს უმნიშვნელოვანესი თეატრი რომ ამ დონემდე დავიდა. ნუთუ არავინ გამოჩნდა, რომ ეთქვათ რეჟისორისთვის, რომ ასეთ ტოტალურ უგემოვნებას აჩვენებს და ეს ადამიანების შეურაცხყოფაა. იქ ვნახეთ  პრიმიტიულ დონეზე გაკეთებული კლიშეები. არც ერთი დეტალი არ იყო, რომ გეთქვა - ნუ, ჰოო, ან არ გამოუვიდა. არა! წარმოუდგენლად დიდი უნიჭობის შედეგი ვნახეთ. ასე დეგრადირდეს ქართული თეატრი მართლა შოკისმომგვრელია. სიტყვებს ვეძებ, რომ აღვწერო ის, რაც იყო. 

იყიდეთ იყიდეთ ყველამ ტაში ძალია თავშეკავებული იყო. დარბაზი შეფასებაში ერთსულოვანი იყო. არა მგონია, რომ იქ ვინმეს სპექტაკლი მოეწონა.

გიორგი კანდელაკი, პარლამენტარი: - სპექტაკლი სავსეა კლიშეებით, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი ურაპატრიოტული  სადღეგრძელოებით, მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით... ეს დიპლომატიურ დონეზე თავის მოჭრა გახლდათ... 

ირაკლი ხვადაგიანი: - მუსლიმი სასულიერო პირები გვერდით იარუსზე ისხდნენ და მერჩივნა მიწა გამსკდომოდა. აღმოსავლელ მუსლიმ დამპრყობლებად ნაგულისხმევი პერსონაჟები დახატული იყვნენ ყველა იმ ბნელი და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების გამოყენებით, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს ჩვენს ირგვლივ. ყველაზე ბნელი, უკულტურო სტერეოტიპების გათამაშება ვნახეთ, რომლის მიზანიც არ ჩანდა. ეს თუ ერის გამოსაფხიზლებად ხდება, გასაგებია მიზანი, მაგრამ რასობრივ სიძულვილამდე მისვლა, არ ვიცი რას ემსახურება. ისტორიულობის შეგრძნება წაშლილია და ხდება მავნე სტერეოტიპების ტირაჟირება. არაისტორიული“ წარმოდგენის პრეტენზია დიდი იყო - ეჩვენებინა ჩვენი ვარამი და სატკივარი“ არგონავტებიდან დღემდე. ამ მცდელობებში კი ვერ წავიდა სადღეგრძელოს პათეტიკის, კომიკურობამდე მიყვანილი მახინჯი ისტორიული კლიშეების იქეთ  რომ ოდითგანვე ქართველობას გვართმევდნენ“, ერთმანეთს ვჭამდით“, ევროპას ფეხებზე ვეკიდეთ“ და შესრულების ხარისხიც სასკოლო სპექტაკლზე დაბალი იყო. 

 

თამარ გონგაძე