ირაკლი გალში სამუშაოდ პერიოდულად გადადიოდა - გალში დაღუპულს ნათესავები იხსენებენ

15:30 03-14-2019
70

"ჯერჯერობით, არც ერთი ვერსიის არ გვჯერა, მათ შორის, რა თქმა უნდა, არც თვითმკვლელობის."- განაცხადა ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ბიცოლამ.

ია კვარაცხელიას განმარტებით,  გარდაცვლილს სხეულზე სილურჯეები აღენიშნება.

"მთლიანად გაჭრილია გულ-მკერდის და კისრის არეში. მე პირადად ვერაფერს დავადასტურებ,როგორც მითხრეს იქ აფხაზეთში ექსპერტიზის დროს შინაგანი ორგანოები ამოუღიათ და მერე ისევ  დაუბრუნებიათ”,- აცხადებს ია კვარაცხელია. 

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები ყვებიან, რომ ის გალის რაიონში პერიოდულად, სამუშაოდ გადადიოდა.

“ირაკლი ძალიან კარგი ბიჭი იყო, პირადად ვიცნობდი.. დევნილობის მერე, აქ სენაკში რომ გადმოვიდნენ 3-4 წლის იყო. რაც ირაკლის დაემართა ტელევიზიით შევიტყვე, სხვა არაფერი ვიცი... ირაკლის მშობლებიც აქ სენაკში არიან დასაფლავებულნი“,- უთხრა“პრაიმტაიმს“ირაკლი კვარაცხელიას მეზობელმა ველოდი ქირიამ.

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ჰყავს მეუღლე და ათი წლის ქალიშვილი ლიზი კვარაცხელია.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიაა, ოჯახს გვერდით დგომა სჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“,- განაცხადა "პრაიმტაიმთან" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

ირაკლი კვარაცხელიას კვირას სენაკში დაკრძალავენ. მისი ცხედარი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. 

გალში მისი შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 12 მარტს გახდა ცნობილი, თუმცა ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ის რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს.

ავტორი: თეა შონია