ზურაბიშვილის კრიტიკა სომხეთს - სამწუხაროა, ყარაბაღიდან ჩამოსული დელეგაციები კონფლიქტების სიმეტრიას ეძებენ

15:00 03-14-2019
10610

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტებთან მიმართებით სომხეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. 

მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი დღეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, არარატ მირზოიანს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პარალელურად საუბარი კონფლიქტების დარეგულირების საკითხსაც შეეხო. 

თქვენ ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა არარატ მირზოიანს. 

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ტერიტორიული სუვერენობის დარღვევაა.  

სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მტავრობის და პარლამენტის წევრებიც არიან. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელთან  შეხვედრის დეტალებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი