ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი

14:35 03-14-2019
112

ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მღვდელმსახურებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან აღარ გაათავისუფლებს ირაკლი სესიაშვილი დამატებით განმარტებებს აკეთებს. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით არსებული რეალობა გაწვევის სისტემას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ კრიზისის თავიდან აცილებას ემსახურება.

„ ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მღვდელმსახურებს სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულებას აღარ მოუხსნის გამონაკლისს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებს. ამ მიდგომას მოყვა კრიტიკა და მოსაზრებები, რომ კანონპროექტი სხვა რელიგიური კომფესიების დისკრიმინაციას ახდენს. სესიაშვილი კითხვებს ამ ნაწილშიც პასუხობს.

„ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექმება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს" - განმარტავს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. 

 

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი