სერგო მეთოფიშვილი - ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს

14:02 03-14-2019
117

გიგაური არის ადამიანი, რომელიც ჭორებს აგროვებს და მეტს არაფერს,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეფუძნება, როგორიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა''    

„დასკვნას გავეცანი და პირდაპირ მასშიც წერია, რომ დასკვნა ეფუძნება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და რამდენიმე სხვა, მათ შორისაა სულხან სალაძისა და ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციები. გიგაურზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს. ეს არის უკვე დადასტურებული. მე პირადად ბევრი ჭორი ვიცი გიგაურზე, როდესაც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოადგილე, იმ პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდა სატენდერო კომისიას, საკადრო პოლიტიკას და 1 500 ადამიანი იყო გათავისუფლებული და ა.შ. მაგრამ ამ ჭორებს მე არ ვავრცელებ, თუმცა 1500 თანამშრომლის გათავისუფლება რეალობაა და არ არის ჭორი. ჭორიც ბევრი ვიცი. ამ ჭორებს არ ვაგროვებ, ის აგროვებს ზუსტად ჭორებსა და ფანტაზიებს. ალბათ, ჩვენ საბჭოზე გავიტანთ ამ საკითხს, ამ დასკვნას და რამენაირად ვეცდებით, თუნდაც ასეთი ავტორიტეტული კვლევები მივაწოდოთ დეპარტამენტს, როგორიც „იფსოსის“ კვლევაა, მათ შორის შიდა კვლევებიც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ვეცდებით მივაწოდოთ რეალური სურათი“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები რჩება.