საპატრიარქო - ბაგრატიონების გარდა კვლევა 1200-მდე გვარს ჩაუტარდა

12:53 03-14-2019
622

"როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, უნდა წარმოადგინოს სიხარულიძის გენეტიკური კოდი. ჩაუტარეს მათ ანალიზი?"- განაცხადა საპატრიარქოს "ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძე.

ანდრიაძის თქმით, ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის ფარგლებში სულ 1200 გვარს ჩაუტარდა კვლევა. მათ შორის მოხვდა ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს წარმომადგენელი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩათვლით. საპატრიარქოს ეთნოგენეტიკური ცენტრის კვლევის ხელმძღვანელი აქვე განმარტავს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის სინჯი შუამავლამა პირმა აიღო და მას პირადად სინჯის აღების პროცესი არ უნახავს, თუმცა არანაირი ეჭვი არ აქვს, რომ ის ნამდვილად ნუგზარ ბაგრატიონის სისხლიდან აღებული  იყო.

"ნუგზარის დნმ-ის კვლევამ აჩვენა, რომ მისი ჰაბიტო ჯგუფი არის უძველესი. როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ის სიხარულიძეა მაშინ უნდა მოიტანოს ამ გვარის შთამომავლის ანალიზიც. სხვა მხრივ ეს არის დილეტანტიზმი და არაინფორმირებულობა. ბაგრატიონთა სამეფო გვარის გენეტიკაზე საუბარი დაუშვებელია სპეციალური კვლევის გარეშე. იმისთვის, რომ ამ თემაზე საუბარი დასრულდეს,  აუცილებელია ბაგრატიონების ძვლების გენეტიკური კვლევის ჩატარება და მათი შედარება სამეფო გვარის შთამომავალთა ანალიზებთან. ამ კვლევის ჩატარება შესაძლოა ასტრახანში- სადაც თეიმურაზ მეორეა დასაფლავებული, რომელიც კახეთის ბაგრატიონათა წინაპარია. ან თურქეთში, სადაც ბაგრატოვანთა საძვალე მდებარეობს"- განაცხადა საპატრიარქოს "ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ.

მისივე თქმით, მის ცენტრში ჩატარებული 1200 -ივე გვარის, ისევე როგორც ნუგზარ ბაგრატიონის დნმ-ის ანალიზის პასუხი კონფიდენციალურია.

ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი კახეთის ანუ გაერთიანებული საქართველოს ბაგრატიონთა შთამომავალია. თუმცა, ეს საკითხი დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყეს. ისინი დავით ბაგრატიონ-მუზრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. სწორედ ამ სასამართლო დავის მიმდინარეობისას დავით ბაგრატიონის ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.