Exclusive დათუნა ალადაშვილი: „მიწევდა ახსნა, სად არის ჯორჯია“

12:22 03-14-2019
124

პიანისტი დათუნა ალადაშვილი ბოლო პერიოდში პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ ერიდება. სამიოდე თვის წინ ევროსაბჭოში მის სიტყვას, რომლის მთავარი ლაიტმოტივი - რუსეთი ოკუპანტია გახლდათ, დარბაზში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პიანისტმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ამჯერად არა საუკეთესოდ შესრულებისთვის, არამედ თავისი ქვეყნის პრობლემატური თემების გაჟღერებისთვის.  

ჟურნალ „პრაიმს“, რომელიც სულ მალე გამოვა, დათუნა ამ თემაზე ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ახლა კი ინტერვიუდან იმ მცირე ამონარიდს გთავაზობთ, რომელშიც პიანისტის გულისტკივილი კარგად ჩანს. 

 დათუნა ალადაშვილი: - ჯულიარდში როცა ჩავირიცხე, ყოველთვის, როცა ჯორჯიას ვამბობდი, მიწევდა ახსნა, რა არის და სად არის ჯორჯია. მერე, ნიუ-იორკში, გავიხედე და ბალანჩინის ქუჩა აღმოვაჩინე. ბალანჩინის ვინაობის შესახებ კი მხოლოდ ბალერინებმა და მოცეკვავეებმა იციან. იქ გამიჩნდა პროტესტი, რომ არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ თუნდაც ჯორჯ ბალანჩინის სახელი გამოვიყენოთ და ამაზე ავაგოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. ქართული მუსიკა მთელ მსოფლიოში ისმის, ძალიან ბევრ საკონცერტო დარბაზში –  გია ყანჩელი, სოსო ვარდანაშვილი და ა.შ. მაგრამ სათანადო ყურადღება არ ექცევა მათ წარმოშობას. ამ დროს რომელიმე სხვა ქვეყანაა ხოლმე მითითებული. ჩემდა სამწუხაროდ, ხშირად რუსეთიც კი. ასეთ საკითხებზე, ჩემი აზრით, არ გვაქვს სათანადო რეაქცია.

თამარ გონგაძე