ვიდეო ჩანაწერი დოდო გუგეშაშვილის საქმეში - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ?

12:07 03-14-2019
1422

დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის საქმეში დევს ვიდეო-თვალის ჩანაწერები, თუმცა გამოძიება აღნიშნულ ჩანაწერში კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.  „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჩანაწერი თავდასხმის დღეს ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და ის დიღმის ტერიტორიაზე, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლთან თავდამსხმელის გადაადგილებას ასახავს.   

ეს კადრები გამოძიებამ აჩვენა დოდო გუგეშაშვილსაც, რომელიც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჩანაწერები კონკრეტული პირის სილუეტს ასახავს და მისი იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

„კადრებში არ ჩანს რაიმე ისეთი მომენტი, რომელიც საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანდა. დაფიქსირებულია სილუეტი, რომლის სახეც პრაქტიკულად არ ჩანს, შესაბამისად პიროვნების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოთხოვნით ეს კამერები ისე ყოფილა დამონტაჟებული, რომ მოქალაქეების   იდენტიფიცირება პრაქტიკულად არ ხდება, შესაბამისად გაუგებარია მაშინ საერთოდ რა საჭიროა ასეთი კამერები. თუ პირდაპირ სახით არ შეეჯახე, ამით ვერაფერს გაარკვევ. კი ბატონო, არის რაღაც სილუეტი, მაგრამ ამის იქით არაფერი“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დოდო გუგეშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის წევრის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.