"მიუღებელია ამ ფორმატში მსგავსი შეხვედრების გამართვა“ - ეროვნული ბანკი ინგლისელ კერძო გამომძიებლებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

20:10 03-13-2019
162

ბრიტანელ გამომძიებლებთან შეხვედრის თაობაზე ეროვნულმა ბანკმა „პრაიმტაიმს“ განუმარტა, რომ შეხვედრა სპონტანურად მოხდა. ამასთან,  დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს და საზედამხევდელო უწყება მხოლოდ  პროცესზე დაკვირვებას ახორციელებს. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმირებულია BGEO Group Plc-სა და რომან ფიფიას შორის  "სს რუსთავის აზოტის" საკითხზე ინგლისისა და უელსის კომერციულ სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით და არსებული საზედამხედველო ჩარჩოს შესაბამისად,  პროცესზე დაკვირვებას ახორციელებს. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების (Michael O’keefe Associates წარმომადგენლები) ვიზიტს ეროვნული ბანკში, მოგახსენებთ, რომ ასეთი შეხვედრა ეროვნულ ბანკში ჩანიშნული არ ყოფილა და მათი სტუმრობა სპონტანურად მოხდა. ეროვნული ბანკისთვის მიუღებელია ამ ფორმატში მსგავსი შეხვედრების გამართვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ორ კერძო სუბიექტს და მათ შორის დავა სასამართლო ფორმატში მიმდინარეობს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თან ახლდა პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა.“ - განგვიმარტეს ეროვნულ ბანკში.

„პრაიმტაიმი“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, შეხვედრა სპონტანური არ ყოფილა.

 „ ესენი  კერძო გამომძიებლები არიან და მათ,  ეროვნულ ბანკს პირველად წერილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაუგზავნეს, სადაც ზუსტი თარიღი და დრო იყო მითითებული. მეორე წერილი მათ რამდენიმე დღის წინ  გაეგზავნათ“ - ამბობს დეპუტატი.

 „საქართველოს ბანკში“ კი განმარტეს, რომ აღნიშნული დავა ბანკის მეანაბრეებს ვერ შეეხება, ვინაიდან ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხე - საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-ია. რაც ნიშნავს, რომ  სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი.