ვეცდებით რუსებს თამაშის სურვილი პირველივე წუთებიდან მოვუკლათ

15:51 03-13-2019
246

17 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი კრასნოდარში 15 მარტს გაემგზავრება, მანამდე კი „ბორჯღალოსნებმა“ შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. მილტონ ჰეიგმა გუნდი 2 საათის განმავლობაში ავარჯიშა, ვარჯიშის ბოლოს კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს:

მილტონ ჰეიგი: „დღევანდელი ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ბიჭების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. რამდენიმე მორაგბეს მიკროტრამვა აწუხებს, მაგრამ იმედია მალე გამოჯანმრთელდებიან. რაც შეეხება მეტოქეს, რუსეთთან შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია. გუნდში ყველას კარგად გვაქვს გააზრებული ამ თამაშის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩემპიონატი თუმცა ეს არაფერი იქნება, თუკი ამ თამაშში კარგ შედეგს ვერ ვაჩვენებთ.”

ზურაბ ჟვანია: „მართალია, ტურნირის ჩემპიონობა 1 ტურით ადრე გავინაღდეთ, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა ჩემი ნაკრების და ვიმედოვნებთ, რომ კრასნოდარიდან გახარებულები დავბრუნდებით.“

ლაშა ხმალაძე: „მეტოქე ნამდვილად გაძლიერდა. მათი მორაგბეები „ჩელენჯ ქაფზე“ თამაშობენ და ეს მათ გაზრდაში დაეხმარა. ფიზიკურად უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ, მაგრამ ჩვენც გაზრდილები ვართ. ჩვენი მორაგბეები კარგად ვითარდებიან. ახალგაზრდული გუნდებიდან კარგი ბიჭები გადმოდიან. ისინი სხარტები და ტექნიკურები არიან, რაც კარგი ხასიათით თამაშის საშუალებას გვაძლევს. რუსეთის წინააღმდეგ შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ჩემპიონები ვართ თუ არა, ეს თამაში ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. რუსებს რის საშუალებასაც მისცემ ისე გეთამაშებიან, ამიტომ ვეცდებით რომ პირველივე წუთებიდან თამაშის სურვილი მოვუკლათ.“

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ საერთო ჯამში 22 შეხვედრა გამართეს. 20 მატჩში გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ მოიპოვეს, 1 მეტოქის გამარჯვებით, ერთიც კი ფრედ დასრულდა. საქართველოს ნაკრები რუს „დათვებთან“ 1993 შემდეგ არ დამარცხებულა. 17 მარტის დაპირისპირება კი თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე