ახალი ხელშეკრულება „გაზპრომთან“ - მეტი სარგებელი თუ შემოსავლის კლება

15:17 03-13-2019
61

რა პირობებით განახორციელებს საქართველო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტს -  ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი, 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. პირობები სრულად კომერციული საიდუმლოა და არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ რამდენიმე პირობა. რაც მნიშვნელოვანია დადგენილია ანგარიშსწორების ფორმა. რუსეთი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს კვლავ არ გადაუხდის ნატურით (ბუნებრივი აირის მიწოდებით), ანაზრაურება მოხდება მონეტარული გზით,  ტარიფით, რომელიც საიდუმლოა. როგორც საქართველოს მთავრობა ირწმუნება, პირობები წინა ხელშეკრულებასთან შედარებით გაუმჯობესებულია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტრანზიტის ტარიფი გაზრდილია (არ კონკრეტდება რამდენით) ამასთან საქართველოს მიერ რუსული გაზის შესყიდვის საფასური გაზრდილი არ არის.

იმ პირობებში, რომ არც წინა ხელშეკრულება და არც ახლად გაფორმებული არ საჯაროვდება,  ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ეჭვებს გამოთქვამს. ისინი მთავრობას მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობიან. დღეს უკვე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

მთავარი საკითხები შემდეგია :

- რას თმობს და რამდენად პრინციპულად იცავს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში სახელმწიფო ინტერესს.  

- რა ზარალი ნახა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც დათანხმდა პირობას ნატურის ნაცვლად მონეტარული სისტემით ანაზღაურების შესახებ.

2017 წლამდე ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო რუსეთისგან სომხეთში გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს, ნატურის სახით იღებდა. დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, თანხაში გამოხატული ეს მოცულობა წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია. მისივე მტკიცებით, გასულ წელს საქართველომ მონეტარული ანაზღაურებით დაახლოებით 11-დან 15 მილიონამდე დოლარი მიიღო. შესაბამისად დაახლოებით 25 მილიონი იზარალა.

„ამას, რომ გამოვაკლოთ ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის საქართველოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები გამოდის, რომ საბოლოოდ ქვეყანას არც არაფერი რჩება და ეს გაზსადენი მხოლოდ რუსეთის და სომხეთის ინტერესებს ემსახურება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მოსაზრებას, რომ ფულადი ანაზღაურების პრინციპზე გადასვლა წამგებიანთან ერთად პოლიტიკური პოზიციების დათმობასაც ნიშნავს, ეთანხმება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე. ის საკითხს აქტიურად იკვლევდა 2016-17 წლებშიც, როდესაც ახალი პირობებით "გაზპრომთან" პირველი ხელშეკრულება მომზადდა. რუხაძე ამბობს, რომ რუსეთთან საერთო კონტექსტში არსებული დათმობის პოლიტიკა მსგავს მოლაპარაკებებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ანაზღაურების პრინციპთან და მიღებული სარგებლის შედარებასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმის“ კითხვას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ამ ხელშეკრულების შედარება არასწორია. ახლანდელისგან განსხვავებით, წინა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმდროინდელი ენერგეტიკის სამინისტრო აღიარებდა, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა ნატურთან შედარებით წამგებიანი იყო. ამასთან უწყების ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ გასათვალისწინებელი იყო რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებებში ძალთაბალანსის არარსებობა. იმ დროისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზნად გაზმომარაგების მხრივ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაც სახელდებოდა. დღეს ეს დამოკიდებულება თითქმის აღარ არსებობს (სოციალური თუ კომერციული მოხმარებისთვის ქვეყანა 100%-ით აზერბაიჯანული გაზით მარაგდება), თუმცა სწორედ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე ეკონომიკის მოქმედი მინისტრი პირიქით, ბაზრის დივერსიფიცირებისთვის და კონკურენციის ზრდის მიზნით რუსული გაზის შეძენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. ქობულია ამის შესახებ პარლამენტში ერთი თვის წინ, 13 თებერვალს საუბრობდა. საიდუმლო ხელშეკრულების და ამ განცხადების ფონზე კიდევ ერთი კითხვა ჩნდება - აიღო თუ არა საქართველომ რაიმე სახის ვალდებულება რუსული გაზის შესყიდვის შესახებ.

-        რას იღებს "გაზპრომი" ახალი პრინციპებით მიღწეული შეთანხმებით ?

გაზის სომხეთში ტრანზიტისთვის ერთისმხრივ საქართველოს გადაუხდის ნაკლებს, ვიდრე ნატურით ანგარიშსწორებისას უხდიდა. მეორესმხრივ მეტს გადაახდევინებს სომხეთს. რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ სომხეთს ბუნებრივი აირი უკვე გაუძვირა. 2019 წლის პირველი იანვრიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 150 აშშ დოლარის ნაცვლად 165 აშშ დოლარი ღირს.  

ავტორი: ბექა პატურაშვილი