მეგობრობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე ქალაქის ინტერესი დგას - კახა კალაძე

13:10 03-13-2019
29

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა,  თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის.

„ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და, ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია.

ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც მას ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და კონკრეტული პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბექა ოდიშარია მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელია და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც არ დაზარალდება კერძო მესაკუთრის ინტერესი.

„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას და განვაცხადო, რომ ამ მიწის  ნაკვეთზე მშენებლობა ჩვენთვის მისაღები არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის ნაკვეთის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ კერძო საკუთრების ინტერესიც, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა: კუს ტბის ასახვევთან, რესტორან „ოტიუმის“ წინ და ასევე, ვაკის პარკში, სადაც სასტუმროს განხორციელება იგეგმებოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსგავსი ადგილების შესანარჩუნებლად. ჩვენ პირველ რიგში ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადახედავს.