მდინარე ვარაზისხევი ისევ საშიშია - ექსპერტი ახალ ტრაგედიას არ გამორიცხავს

22:49 03-12-2019
1541

ვარაზისხევი, ჟვანიას, შატბერაშვილისა და ნაწილობრივ, ჯაფარიძის ქუჩები - ეს ის ადგილებია, სადაც ცხოვრება და გადაადგილება ყველაზე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.​ ამ ზონებში  ინტენსიური მშენებლობები, ძირითადად, მთებისა და კლდეების მოჭრის ხარჯზე მიმდინარეობს.

”მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) შესაჩერებლად რკინის მინი-კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა”- ამის შესახებ პრაიმტაიმს” საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც ვერეს ხეობაში. ამ შემთხვევაში კი გაცილებით დიდი რისკია მოსალოდნელი.

”ჩემი კოლეგები, გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომელთანაც მაქვს კომუნიკაცია, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ ამ პროცესებს. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ვარაუდია, რომ არათუ განმეორდეს 2015 წლის ვერეს შემთხვევა, არამედ მოხდეს გაცილებით უარესი რამ - მდინარე ვარაზის დაგუბება და მისი გადმოდინება. იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც მოხდა 2015 წელს. აქ კი მშენებლობის მასშტაბები უფრო ბევრია.უხვი ნალექის შემთხვევაში ჩნდება საშიშროება, რომ მდინარემ შატბერაშვილის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის, კეკელიძის ჩათვლით წალეკოს გზები და არამხოლოდ წალეკოს, არამედ დაატრიალოს გაცილებით დიდი ტრაგედია, მთელი ინფრასტრუქტურა თავისი სახლებით წაიღოს. ციცაბო დაღმართი რისკს კიდევ უფრო ზრდის,”- განაცხადა მესხიშვილმა.

დავით მესხიშვილი მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი მიდგომა დამღუპველია. ქალაქის მერს კი მოუწოდებს, სრული პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან მშენებლობის გამცემი მხოლოდ ის არის. 

”ჟვანიას ქუჩაზე გუშინ მოსახლეობამ ბზარი დაინახა. გამოიძახა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია. მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორიას დახედეს და წავიდნენ. ხალხი დაიბარეს მეორე დღეს მერიაში და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიშალა კლდე. მანამდე პოლიციამ ავტომანქანების ევაკუაცია მოახდინა, რადგან შესაძლოა კორპუსის გვერდით გზა ჩაკეტილიყო. სამართალდამცველი ორგანოები სამშენებლო ნებართვების გაცემაზე უნდა ინტერესდებოდნენ,”- გვითხრა მესხიშვილმა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მათი საფუძვლიანი ეჭვით, მშენებლობის ნებართვის დასკვნები კორუფციისა და გაყალბების გზით გაიცემა.

”როგორ შეიძლება მიწა მოძრაობდეს, ქანები იშლებოდეს და მშენებლობის ნებართვა გასცე? ესენი კარგად ორგანიზებული ჯგუფია - მშენებლები, რომლებიც დაკავშირებულები არიან გეოლოგებთან და გასცემენ ყალბ დასკვნებს, შემდგომ უკვე მერია. სამრგოლიანი მტკიცედ ორგანიზებული ჯგუფია,”- განაცხადა მესხიშვილმა.



ავტორი: მირანდა ტყემალაძე