ყველაფერი, რაც ანაკლიის პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ - ნახეთ მარტივად და დეტალურად

17:40 03-12-2019
738

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ბოლო წლების ყველაზე აქტუალური თემაა. პორტმა,  რომლის  მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო,  სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ 100 მილიონამდე ტონა ტვირთი უნდა გაატაროს.

მშენებლობა 9 ფაზად განხორციელდება.  პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2021 წლისთვის,  პორტს 8 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეეძლება, რაც წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს.

ანაკლიის პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც მას 10 000 კონტეინერიანი (TEU)  გემების მიღების საშუალებას მისცემს. დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოცულობის გემების მიღება ფოთისა და ბათუმის პორტებს არ შეუძლიათ, რადგან მათი სიღრმე დაახლოებით 8 მეტრია, რაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ფოთის პორტში დღეს, მაქსიმუმ,  1500 კონტეინერის ტევადობის გემები შემოდის (ეს მონაცემი დაახლოებით 7-8 ჯერ ჩამოუვარდება ანაკლიის პოტენციალს). გარდა ამისა, ფოთის პორტი წელიწადში საშუალოდ 3 თვე, ცუდი ამინდების გამო, დახურულია.

ვის ეკუთვნის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა? ამ თემაზე  კამათი მოქმედი და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხშირია. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ღიად აცხადებს, რომ პორტის მშენებლობის ინიციატორი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდია. საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად 2010 წელს ქალაქ „ლაზიკას“ და მასთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ასახელებს.

 

რეალურად როდის  და  სად გაჩნდა პირველად იდეა?

 

ანაკლიაში ნავსადგურის აშენების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო. 1960-იანი წლების ბოლოს  აშენდა პირსი (ზღვაში შეჭრილი ნაგებობა ორივე მხრიდან გემების მისადგომად), თუმცა იდეა ამ ეტაპს არ გასცდენია.

 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საბჭოთა ოკუპაციის პირობებში?

 

1974 წელს ჩნდება პორტის პროექტის პირველი მონახაზი. ანაკლიის მისადგომების ათვისებისთვის, ოკეანოლოგ ვსევოლოდ ზენკოვიჩის ავტორობით გეგმა შეადგინეს.

1976 წელს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში“  ვ. ზენკოვიჩის სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც ენგურჰესის მშენებლობის შედეგად, საქართველოს სანაპირო ზოლში მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი. აღნიშნულ ნაშრომში საუბარია ანაკლიაში, მდინარე ენგურის შესართავთან პორტის მშენებლობის საჭიროებაზე, რომელიც ასევე განიხილება ნაპირდაცვითი პრობლემის გადაწყვეტის გზად.

1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლება ანაკლიის პორტს კვლავ დაუბრუნდა. ამ პერიოდში მომზადდა არქიტექტორ გიორგი მეტრეველის და  პროფესორ არჩილ კიკნაძის მიერ შემუშავებული ანაკლიის პორტის პროექტი.

1986 წელს „საქნაპირდაცვის“ სამსაუხრი მაშინდელ მთავრობას რეკომენდაციას უწევდა, რომ ანაკლია საქართველოს სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საუკეთესო ადგილია.

 

რა ხდებოდა პორტთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს?

 

ანაკლიაში პორტის შესახებ საუბარი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც განახლდა.

1997 წელს ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესებულმა ისრაელის მეწარმეთა ჯგუფმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათ შესაბამისი ბიზნესგეგმა არ წარუდგენიათ.

1998-1999 წლებში  პორტის საპროექტო წინადადებები ქართულ-უკრაინულმა კონსორციუმმა „ეგრისმა“ წარადგინა.

2000 და 2001 წლებში ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. ტენდერებში 12-მდე საერთაშორისო კომპანიის განცხადება დაფიქსირდა, თუმცა აფხაზეთთან გამწვავებული მდგომარეობის გამო, პროცესი ვერ დასრულდა.

2002 წელს ანაკლიის გეგმარების ალტერნატიული ვარიანტი შეიქმნა, რომელიც „მშენპროექტმა“ დაამუშავა, თუმცა პროექტი ვერც ამ შემთხვევაში განხორციელდა.

 

როგორი იყო პორტის იდეა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს?

 

2010 წელს ანაკლიის პორტი ისევ აქტუალური გახდა  გახმაურებული პროექტის “ლაზიკის” სახელწოდებით. ანაკლიაში ქალაქის და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროექტიც განუხორციელებელი დარჩა.

 

რა ხდება დღეს?

 

2014 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ მომზადებულმა პროექტმა გაიმარჯვა.

2016 წლის  3 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც კომპანიამ განახორციელა მასშტაბური სამუშაოები ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის საკვლევად და მშენებლობის მოსამზადებლად.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: „თიბისი ჰოლდინგი“ (საქართველო), Conti Internationa-ი (აშშ), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი)

2017 წლის დეკემბერში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო.

 

რა სამუშაოები განხორციელდა და რა თანხა დაიხარჯა?

 

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ  კერძო მესაკუთრეებისგან მიწის გამოსყიდვისთვის 60 მილიონი ლარი დახარჯა. მიწა 52 წლის ვადით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაეცა.

18 მილიონი დოლარი დაიხარჯა კერძო ინვესტორების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური ასპექტების გამოსაკვლევად.

საერთო ჯამში, 2 წლის განმავლობაში ანაკლიაში შესრულებულ სამუშაოებზე  ინვესტორების მხრიდან 180 მილიონი ლარია დახარჯული. ამის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" რეგიონული და ოპერაციული დირექტორი ანზორ მანწკავა ადასტურებს.

კონსორციუმის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად ამოღებულია 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, რომელიც ხმელეთზე - 80 ჰექტარ ფართობზე სამშენებლო მოედნის მოსამზადებლად არის გაშლილი. 

 

რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?

 

გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროიდან შეძლებს პორტი პირველი ტვირთების მიღებას.

პირველი ფაზის დასრულების ღირებულება 560 მილიონი დოლარია. საერთო ჯამში კი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

ანაკლიის პორტის მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავს ევროკავშირიც.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ღრმაწყლოვანი  პორტის მშენებლობაზე 223 მილიონი ევრო დაიხარჯება.

პორტის მშენებლობის საქმეში 100 მილიონი დოლარის ჩადებას, სუბორდინირებული სესხის სახით, სახელმწიფოც გეგმავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გარანტი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციაა.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი