გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ შეწყდება - სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

15:27 03-12-2019
284

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მხარეებმა სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინეს. სასამართლომ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. გეგეშიძის ადვოკატებმა მოსამართლეს სისხლის სამართლებრივი დევნის აცილების თხოვნითაც მიმართეს, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„წარდგენილ ბრალდებაში გეგეშიძე უდანაშაულოა, ძალადობას ადგილი აქ ჰქონია. ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დანაშაულთან საერთოდ არ გვაქვს საქმე, მითუმეტეს, წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სრულად მიიღო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. თუ სასამართლო იქნება ობიექტური, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა გეგა გეგეშიძის ადვოკატმა.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„ფიზიკურად არავისზე მიძალადია, მე უბრალოდ შეურაცხყოფაზე ინსტიქტურად ვიმოქმედე და თავს ვიცავდი. მოძალადე ვინ არის მე თუ ის, მაგას საბოლოოდ გავარკვევთ“, - გეგეშიძე ძველ არგუმენტებს დღესაც იმეორებს.

საქმის სასამართლო განხილვა 20 მარტს 15:00 საათზე დაიწყება.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის ინციდენტი სპორტის სასახლეში 11 იანვარს მოხდა. დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 126-ე მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ გეგეშიძე 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.