არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო ინვესტორებს აფრთხობს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

14:56 03-11-2019
26

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ეს ის ორი მთავარი საკითხია, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოტალურ შემცირებას უკავშირებს.

„არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო ინვესტორებს აფრთხობს, გარდა ამისა, ქვეყანაში არ არის მიუკერძოებელი სასამართლო და ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე“ - „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში არაჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რაც ინვესტორებს დაუცველობის განცდას უჩენს. საფინანსო სექტორში, ტრანსპორტსა და ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებამ, გასული წლის მეოთხე კვარტალში ცხადყო, რომ ეკონომიკის მამოძრავებელი ყველა მთავარი სექტორი საინვესტიციო კუთხით სტაგნაციას განიცდის, რაც საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 197.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 62 პროცენტით ჩამორჩება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2010 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 200 მლნ დოლარიან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა.

შოთა ფალავანდიშვილი