მამამ ფეხმძიმე ცოლი და 2 მცირეწლოვანი ქალიშვილი მოკლა (ვიდეო)

12:58 03-08-2019
3787

„მამა, არ მომკლა!“- ეს იყო 4 წლის ბელას უკანასკნელი სიტყვები. ამერიკელი გოგონა საკუთარმა მამამ მოკლა. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, 4 წლის ბელამ თავისი თვალით ნახა, როგორ დამარხა მამამისმა მოკლული დედა და როგორ დაახრჩო მისი 3 წლის და.

მკვლელობა კოლორადოს შტატში მოხდა. მამას, კრის უატსს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა ცდილობს სიკვდილით დასჯას გადაურჩეს. ამ მიზნით, მან ახალი ჩვენება მისცა.

გუშინ, კოლორადოს შტატის საგამოძიებო ბიურომ ჩვენების აუდიო ჩანაწერი და ტრანსკრიპტი გაავრცელა. კრის უატსი დეტალურად ყვება თუ როგორ მოკლა ფეხმძიმე ცოლი და 2 მცირეწლოვანი ქალიშვილი.

გაფრთხილება: ზოგიერთი მკითხველისთვის, ამ ისტორიის დეტალები შესაძლოა ემოციურად მძიმე აღმოჩნდეს

ჩვენება, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, მსჯავრდებულმა 18 თებერვალს, საგამოძიებო ბიუროს აგენტს, FBI-ს სპეციალურ აგენტსა და დეტექტივს მისცა:

სანამ კრის უატსის მეუღლე (შანანი), თავის ორ ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული, ქმარმა საყვარელი გაიჩინა. შინ დაბრუნებულმა შანანმა მეუღლესთან სასიყვარულო ღამე გაატარა, მეორე დილას კი წყვილმა იკამათა. საუბრის დროს, შანანმა ღალატის შესახებ მისი ეჭვები ქმარს გაუმხილა. კრის უატსმა საყვარლის არსებობა უარყო, თუმცა ცოლს განუმრტა, რომ მისდამი გრძნობები აღარ ჰქონდა. მეუღლის სიტყვებით განაწყენებულმა შანანმა სახლიდან წასვლა დააპირა და ქმარს განუცხადა, რომ შვილებს აღარ ანახებდა. სწორედ ამ დროს, კრის უატსი ფეხმძიმე ცოლს ყელში სწვდა და დაახრჩო. როგორც მსჯავრდებული იხსენებს, იგი საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა.

ცოტა ხანში, საძინებელში 4 წლის ბელა შევიდა. მამამ ბავშვს განუმარტა, რომ დედა თავს ცუდად გრძნობდა და გოგონას თვალწინ, მოკლული მეუღლე ლოგინის გადასაფარებელში გაახვია, კიბეზე ჩაათრია, შემდეგ კი პიკაპის ტიპის ავტომობილში მოათავსა. ეს ფაქტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილებიც მანქანაში ჩასვა და თან ბენზინის ქილა წაიღო, რადგან თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. კრის უატსმა ცოლის ცხედარი და ორი ქალიშვილი, თავის სამუშაო ადგილას, ნავთობის გადამამუშავებელ ტერიტორიაზე წაიყვანა. გზად, თვითმკვლელობა გადაიფიქრა.

გზაში ბავშვებს ჩაეძინათ. ადგილზე მისულმა მამამ, საფლავი ამოთხარა და მოკლული ცოლის დამარხვა დაიწყო. ამ დროს, ორივე ბავშვს გაეღვიძა. გოგონები მამას ეკითხებოდნენ: „რას უკეთებ დედას?“

მას შემდეგ, რაც კრის უატსმა ცოლი დამარხა, მანქანისკენ დაბრუნდა და თავისი 3 წლის ქალიშვილი გაგუდა. უცმროსი დის, სელესტის მკვლელობას 4 წლის ბელა უყურებდა. მოკლული ბავშვის ცხედარი მამამ ნავთობის ცისტერნაში ჩააგდო და კვლავ ავტომობილისკენ დაბრუნდა.

4 წლის ბელა მამას შეეკითხა: „მეც იგივე მომივა რაც სელესტეს?“ კრის უატსმა ჩვენებისას განაცხადა, რომ არ ახსოვს უპასუხა თუ არა ქალიშვილს. თუმცა კარგად დაამახსოვრდა 4 წლის ბელას უკანასკნელი სიტყვები: „მამა, არა!“

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ეს სიტყვები ყოველდღე ჩაესმის. კრის უატსის თქმით, ყველაფერი ცოლზე გაბრაზებულმა გააკეთა. მსჯავრდებულის განცხადებით, ასეთი მრისხანება არასოდეს უგრძვნია. ფიქრობდა, რომ მისი ცოლი, შანანი თავის ოჯახთანაც პრობლემებს უქმნიდა. უატსის თქმით, დედამისს რძალი არასოდეს მოსწონდა.

ჩვენებაში, მსჯავრდებული განმარტავს, რომ ყოველდღე იმაზე ფიქრობს, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, თავისი ოჯახი რომ არ მოეკლა:

„ახლა ჩემი უფროსი ქალიშვილი უკვე 5 წლის იქნებოდა, უმცროსი კი სამის და ალბათ, უკვე 1 თვის ვაჟიც მეყოლებოდა... ლამაზი ცოლიც. ახლა კი, მხოლოდ მე ვარ, მარტო,“- ამბობს კრის უატსი.

თავდაპირველად, კრის უატსი შვილების მკვლელობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ აღიარა. სასამართლომ იგი ოჯახის სამივე წევრის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და სამგზის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე კი სიკვდილით დასჯას ითხოვს.

ავტორი: მარიამ გიგანი