3 700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მათ სოფლებში

13:03 02-28-2019
15

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში ჩატარებული  კრებით დასრულდება 1 იანვარს განახლებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  პირველი  ეტაპი. 

პროგრამის ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად  გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. დღეის მდგომარეობით, სოფლის კრებებზე  მიღებულია  2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა:  სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და  წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა. 

ორი თვის განმავლობაში, სოფლის კრებებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, შესაბამისად, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გარდა, კრებებზე მოსახლეობა ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე მნიშვნელოვან თემებსა და დამატებით საჭიროებებზეც აწვდიდა ინფორმაციას. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი ითვალისწინებს სოფლების მიერ შერჩეული პროექტების საკრებულოებში განხილვასა და 1 აპრილამდე დამტკიცებას. დამტკიცებულ პროექტებზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად  დაიწყება.

თუ 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ვერ განაწილდება, დარჩენილი თანხა დაუბრუნდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“  2019 წლის  1 იანვრიდან  აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები  მოსახლეობას  1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა  გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.  5-დან 20  ათას ლარამდე თანხა კი  დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.