სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზა იქმნება

15:20 02-25-2019
56

ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზა იქმნება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონი უახლოეს დღეებში პარლამენტს გადაეგზავნება.

"აღნიშნული კანონში საუბარია იმაზე, რომ მოვახდინოთ პრევენცია, განსაკუთრებით კი მოზარდების მიმართ სექსუალურ ძალადობის შემთხვევებზე, რადგან არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, ოჯახი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მანდატური მოგვმართავს, რაც ასე ვიტყვი, რომ დადებითი ტენდენციაა, რადგან ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცნობიერების დონე ამაღლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ბაზა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა ვაკონტროლოთ მას შემდეგ, რაც ისინი სასჯელს მოიხდიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კონტროლის მექანიზმზეც და აღნიშნა, რომ მონიტორინგი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა არ იქნება.