კახა კალაძე - თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა

14:37 02-20-2019
11

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიებზე ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც დროული რეაგირება მოხდა.

„მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა და პირადად ჩემთვის და ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ საძირკველის ჩასასხმელად ტრანშეები უკვე გათხრილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო, რომ მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და მის ყველა თანამშრომელს, მადლობა გადაგიხადოთ დროული რეაგირებისთვის. გააგრძელეთ მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალური თანადგომა გექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.