"მწვანე ხაზები" მიზნად ისახავს არსებული სკვერების, ბაღების თუ მწვანე სივრცეებს დაცვას კანონის ძალით - ლევან ჯაფარიძე

16:00 02-19-2019
29

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროექტი "მწვანე ხაზები " მიზნად ისახავს არსებული სკვერების, ბაღების თუ მწვანე სივრცეებს დაცვას კანონის ძალით, სადაც აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა.

"მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. გარემოს დაცვა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს ინიციატივაც ამ მიზანს ემსახურება. პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების, ევროპული ქალაქის მშენებლობისთვის ეკოლოგია.

პროექტი "მწვანე ხაზები" მიზნად ისახავს არსებული სკვერების, ბაღების თუ მწვანე სივრცეებს დაცვას კანონის ძალით. აღნიშნულ ტერიტორიებზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც გააძლიერებს დაცვის მექანიზმს და რეალური პრობლემა - მშენებლობები ვერ მოახდენს მათ დაზიანებას, ვინაიდან ცვლილებები მწვანე ხაზებში დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებებთან. 

საყურადღებოა, რომ პროექტში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა - მოხდება მათი ბაზაში აღრიცხვა და ნერგებით უზრუნველყოფა, რათა შეიქმნას დამატებითი მწვანე სივრცეები. 

რაც შეეხება "მწვანე ხაზების" დადგენას - ეს არ იქნება ერთპიროვნულად შერჩეული ტერიტორიები. ამისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და სამუშაო პროცესში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური. 

გარემოს დაცვის და გამწვანების მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი პროექტი დაიგეგმა. საკომპენსაციო რგვა, მემორანდუმი ხეების ერთიანი ძალებით მოვლის შესახებ, პროექტი "მწვანე პოლიტიკა" - რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მიმართული ეკოლოგიის განვითარებისკენ და ა.შ. 

ვფიქრობ, თბილისისთვის გამწვანების ღონისძიებებზე მიზნობრივი დანახარჯები საკაცობრიო მნიშვნელობის მატარებელია. რაც მთავარია, საჭიროა კომპლექსური მიდგომა გარემოს დაცვასთან, საჭიროა პროცესი იყოს დინამიური და ითვალისწინებდეს მოსახლეობის მაღალ ჩართულობას. ჩვენი შვილები ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ გარემოზე ზრუნვას და ჩავუნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ისინი უნდა აღიზარდონ სუფთა გარემოში. 

ეს საკითხი როგორც თბილისის საკრებულოსთვის, ისე პირადად ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ამ მიმართულებით  და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას", - აცხადებს ლევან ჯაფარიძე.