შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს 

19:22 02-12-2019
231

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა, ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. აგრეთვე დაკავებულია ქურდობის ფაქტზე კიდევ ერთ პირი. 

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ აბრალავა აუდიტის სამსახურში შემავალი ერთ-ერთი სსიპ - ის, კერძოდ კი, ''საჯარო აუდიტის ინსტიტუტის'' ყოფილი თანამშრომელია.

როგორც "პრაიმტაიმ"-ს აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ ''საჯარო აუდიტის ინსტიტუტის'' სპეციალისტის თანამდებობა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დატოვა.

უწყების ცნობით, დეპუტატის ცოლის ძმამ იანვრის თვის ბოლოს შვებულება აიღო რის შემდგომაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა აუდიტის სამსახური.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო.

ამასთან, ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარისა და „აღორძინების კავშირში“ ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1 ივნისიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე.