"დაშორდნენ და ეს უბედურება დატრიალდა..." - 17 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გამოძიება იკვლევს

18:06 02-12-2019
4985
თეგები: შსს

ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, შაბათს, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა, სუიციდის შემთხვევა იყო თუ არა.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რადგან პირველადი ვერსიით ეს იყო სუიციდი, თუმცა, როდესაც მზად იქნება ექსპერტიზის პასუხი, უფრო ზუსტად გამოიკვეთება სურათი, იყო თუ არა ნამდვილად სუიციდი", - აცხადებენ შსს-ში.

თბილისში 17 წლის მოზარდი "დირსის" კორპუსში, მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი მუხიანში ქირით ცხოვრობდა.

"დრონი.ჯი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა.

"ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ამ ბიჭს და მის შეყვარებულს. სკოლის შემდეგ სულ ერთად ატარებდნენ დროს, სახლის წინ სკვერში იყვნენ მთელი დღე. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა გავიგეთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა" - აცხადებს "დრონი.ჯი"-ს წყარო.