კრიზისი დედამიწაზე: რა საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა?

15:37 02-12-2019
298

დედამიწა რამდენიმე მწვავე კრიზისის წინაშე დგას. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (IPPR) მიერ შედგენილ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ადამიანის მიზეზით შექმნილმა გარემოებებმა პლანეტა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. შედეგად, დესტაბილიზაცია ემუქრება საზოგადოებას და გლობალურ ეკონომიკასაც.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, შესაძლოა მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს.

ეს ფაქტრობია: კლიმატის ცვლილება, ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობების გადაშენება, ზედაპირული ეროზია, ტყეების გაკაფვა და ოკეანეების გამჟავება.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ფაქტორები „ქმნიან გარემოს დესტაბილიზაციის რთულ და დინამიურ პროცესს, რამაც კრიტიკულ დონეს მიაღწია. აღნიშნული დესტაბილიზაცია კაცობრიობის ისტორიისათვის უპრეცედენტო სიჩქარით ხდება.“

IPPR-ს განცხადებით, კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად მცირე შანსები რჩება.

მეცნიერები განმარტავენ, რომ 2005 წლის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, წყალდიდობები 15-ჯერ, გაუსაძლისი სიცხეების შემთხვევა 20-ჯერ, ტყეში გაჩენილი ხანძრები კი 7-ჯერ გახშირდა.

დოკუმენტის ავტორების თქმით, მართალია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ წამოიწყო კლიმატურ ცვლილებებზე ფიქრი და გარემოს დასაცავად საჭირო შესაბამისი ზომების მიღება, თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორებიც:

ნიადაგის ზედაპირი 40-ჯერ უფრო სწრაფად იკარგება, ვიდრე მისი ბუნებრივი შევსება ხდება;

მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე, მსოფლიოში არსებული სახნავი მიწის 30% ეროზიის გამო უნაყოფო გახდა;

დედამიწაზე არსებული მიწების 95% 2050 წლისთვის დეგრადირებული იქნება;

მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, შემუშავდეს გარემოს დაცვის ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს ადამიანური მიზეზით გამოწვეულ უარყოფით გავლენებს დედამიწაზე.

ავტორი: მარიამ გიგანი