საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წარუდგინა

15:09 02-12-2019
9

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა   სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს. 

სამინისტროს ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი ტენდერები სარეაბილიტაციო, საგზაო უსაფრთხოების, მოვლა შენახვისა და სტიქიის პრევენციის მიმართულებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი  მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის თვეში 52 ტენდერს გამოაცხადებს , ჯამური ღირებულებით 485 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ტენდერებში შედის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით , რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა კახეთის რეგიონში და მიმდინარე წელს გურიის რეგიონში დაიწყება. შესრულების და შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 5 წლიანი პროექტის ( PBC), რომლის ფარგლებში განხორციელდება 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

2019 წელს პირველად საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისათვის დამოუკიდებელი ბიუჯეტია გამოყოფილი,  9 მილიონი ლარი დაიხარჯება საქართველოს მასშტაბით საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებისათვის, რაც მოგვცემს საშუალებას მთელი საქართველოს მასშტაბით მეტად უსაფრთხოდ  და კომფორტულად გადავაადგილდეთ.

სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ტარდება. კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იღებენ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ტენდერის, ინოვაციისა თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.