სააპელაციოში მიხეილ კალანდია იკითხება

13:31 02-12-2019
214

სააპელაციო სასაამრთლოში დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე - მიხეილ კალანდია და მისი ძმა დაიკითხებიან. 

ამ წუთებში პროცესზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, მიხეილ კალანდიას კითხავენ. სხდომათა დარბაზში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"არასრულწოვანი მოწმის ჩვენებები მოვიპოვე, რომლებიც სრულიად განსვავებულია, მოწმე საუბრობს, რომ კალანდიას ხელში დანა დაინახა“, - აცხადებს პროკურორი. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საქმის მიხეილ კალანდიას ჩვენებას, წინასწარ ეჭვ ქვეშ აყენებს.

"ამ მოწმემ არაერთხელ შეცვალა ჩვენება, გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალდების მხარის მითითებით, ეს მოწმე კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენებას. მოწმე, რომელიც 6-ჯერ დაიკითხება და ექვსჯერვე შეცვლის ჩევნებას, არ შეიძლება მისი ჩვენება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

როგორც წესი, მეორე ინსტანციაში აღარ ხდება ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებმაც საქმეზე ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მისცეს ჩვენება. თუმცა, აღნიშნული მოზარდის ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემას დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ.

მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობს. პროკურატურა შეცვლილ კვალიფიკაციას და დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.

საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. მეორე არასრულწლოვანს, გ.ბ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ ერთი ბრალდება მოუხსნა და ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება ის ექსპერტიზა იქნება, რაც საქმეზე მათი დაკვეთით ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.