16 დეკემბერს თუ ვინმე არღვევდა კანონს, ეს იყო შსს - დავით კირკიტაძე

12:32 02-12-2019
28

16 დეკემბერს, თუ ვინმე არღვევდა კანონს, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან უკანონოდ შეგვიზღუდეს გადაადგილების უფლება, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით კირკიტაძემ, რომელიც სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული.

გამოძიება კირკიტაძეს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ამ წუთებში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. პროკურატურა კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე მისი გათავისუფლების საკითხს აყენებს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესაძლოა გირაო შესთავაზოს.

კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა გასული წლის 20 დეკემბერს შეუფარდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე  მოსამართლის განჩინებით 18 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი