2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა - მამუკა ბახტაძე

11:29 02-12-2019
36

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიწის რეგისტრაციის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

წლების განმავლობაში მიწების რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ესსერვისი  მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

მიწების რეგისტრაცია 2016  წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე  600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტობრივად აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ წახალისებულია მიწის რეგისტრაციის პროცედურა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმა და აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც უფრო მეტად დაცული ხდება მიწის მესაკუთრის უფლებები, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.