მიშა სააკაშვილი უფრო ადრე ჩამოვა საქართველოში თუ გედი ფოფხაძე უფრო ადრე დატოვებს „ქართულ ოცნებას“

23:26 02-11-2019
492

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

 

სააკაშვილი გაამინუსეს

პარადოქსულად ჟღერს, თუმცა, ისე ჩანს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილის წყალობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს, გრიგოლ ვაშაძის დამსახურებით მესამე პოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ გავლენებს ვაშაძე უფრო ინარჩუნებს, ვიდრე სააკაშვილი. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი იქმნება. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ გაერთიანებასთან სამჯერ დაუპირისპირდა სააკაშვილის ხან დესტრუქციულ და ხანაც მკვეთრად რევოლუციურ გეგმებს.    

პირველად, სააკაშვილსა და ვაშაძის შორის დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა. ვაშაძემ, მართლია, ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა არ აღიარა, როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვდა, თუმცა, თვითმარქვიას სტატუსზე უარი თქვა და საკუთარი თავი პრეზიდენტად არ გამოაცხადა, როგორი მოლოდინებიც მის მიმართ, სალომე სამადაშვილის პოსტის მიხედვით, ისე ჩანს, რომ ნამდვილად იყო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს გეგმა მან ღიად გააპროტესტა და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც დაპოსტა. 

მეორედ სააკაშვილის რევოლუციური ხასიათის გეგმა „ბ“-ს ვაშაძემ პოლიტიკური პროცესი დაუპირისპირა. ასე გაჩნდა „ერთად სახლში“ პროექტის პარალელურად მილიონი ხელმოწერების შეგროვების იდეა. 

„ერთად სახლში“ ყოფილი პრეზიდენტის ახალი პოლიტიკური პირმშოა, ექსპერტების შეფასებით, ამ პროექტით ის უკრაინის სცენარის გამეორებას ცდილობს. მაშინ ის კიევში პოლონეთის საზღვრიდან დაბრუნდა, ახლა კი, თბილისში ცდილობს თურქეთის საზღვრიდან. ექსპრეზიდენტმა ისიც თქვა, 10 მილიარდის ინვესტირებას განვახორციელებ და ქვეყანასაც ავაყვავებო, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მილიონი ხელმოწერის შეგროვების იდეა გააჟღერეს. ხელმოწერებით ისინი ეცდებიან პარლამენტი აიძულონ და საარჩევნო სისტემა მხოლოდ პროპორციულზე გადაიყვანონ, რაც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ნიშნავს.

მესამედ იდეების შეუთავსებლობა ახლა დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, ლიეჟში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ წევრებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა, შეხვედრაზე მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე გამოჩნდა. 

 

სააკაშვილის გეგმა „ბ“

არ არის გამორიცხული, გეგმა „ბ“-ს აუცილებლობა სააკაშვილს მაშინ დაენახა, როცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა - მისი პარტია მისივე რევოლუციურ განწყობებს არ პასუხობს. არ უპასუხა არც 2016 წელს, როცა სააკაშვილი რევოლუციის მოწყობას ბოკერიასგან ითხოვდა - საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი არ აღიაროთ, ბოიკოტი გამოაცხადეთ და ქუჩაში გამოდითო; არ აღიარებს არც ახლა, 2019 წელს, ვაშაძის პირობებში. 

ნაციონალებიდან გასულებს ის მოღალატეებს უწოდებდა და ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებდა, შესაძლოა, ასეთივე ეჭვები აქვს ახლაც, სხვანაირად ვერ ხსნის რატომ ვერ ახერხებს მისი პარტია აქ რევოლუციის მოწყობას და სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. 

ამიტომაც დაიწყო მოკავშირეების ძებნა საზღვრებს გარეთ. საპრეზიდენტო არჩევნებმა კი ქართული ემიგრანტები მის მოკავშირედ ბუნებრივად გამოკვეთა - ვაშაძემ ხომ დასავლეთში ზურაბიშვილს ბრძოლა მოუგო.  

 

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საზღვარგარეთ 56 საარჩევნო უბანი 39 ქვეყანაში გაიხსნა. პირველი ტური ხმების 52.27 %-ით (2 861) გრიგოლ ვაშაძე დაწინაურდა. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 22.49 % (1 231) მიიღო. მეორე ტურის შედეგების მიხედვით კი, გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერად დაფიქსირდა, მას 64,24% დაუჭირა მხარი; სალომე ზურაბიშვილს კი — 35,76%.

ასე გაჩნდა გეგმა „ბ“ და ასე ჩაიწერა ემიგრაცია მის პოლიტიკურ გეგმებში. სააკაშვილმა მაშინვე თქვა, რომ დასავლეთში არჩევნები თავისუფალ რეჟიმში ჩატარდა, ამიტომაც გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, საქართველოში კი გააყალბეს, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი. 

 

მესამე მიზიდულობის ცენტრი

ისე ჩანს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში 3D-ში მუშაობს. რადიკალურ ელექტორატს სააკაშვილი პერსონალურად ფარავს, „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძის წამყვანი ფიგურით კონსტრუქციულობას ქადაგებს და „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს რომ ჰკითხოთ, ვერტიკალზე დარჩენილი ნაციონალები ხელისუფლებას დესტრუქციას შეგნებულად, ნაცების დავალებით, უწყობენ. 

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ შეძლებს გრიგოლ ვაშაძე მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას? ექსპერტი გია ხუხაშვილი ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი განმარტებით, საქმე „ტექნოლოგიურ თამაშებთან“ გვაქვს, როცა „სააკაშვილი იზიდავს აგრესიულ ელექტორატს, ვაშაძე კი - ზომიერს.“ ხუხაშვილის აზრით, ვაშაძე მესამე პოლიტიკურ ცენტრს ვერ შექმნის, რადგანაც ის ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

ყოველ შემთხვევაში, მცდელობა სახეზეა, ჩვენი ინფორმაციით კონსულტაციები ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილთანაც გაიმართება 2020 წლისთვის ერთიანი ფრონტის გახსნის მიზნით.

ერთად თუ ცალ-ცალკე, ბევრისთვის საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში მოხვედრის ბოლო შანსია - კონსტიტუცია საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მხოლოდ ერთჯერადად დაწევს.  

ასე რომ, ზოგისთვის არჩევანი არის სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებსა და პარლამენტში მოხვედრის შანსს შორის.

რა მოხდება რევოლუციის შემთხვევაში მკაფიოდ არავინ იცის. ექსპრეზიდენტი ახალ გუნდსა და ვერტიკალში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბრობს, არ აკონკრეტებს საკუთარ სამომავლო გეგმებს და არაფერს ამბობს სად ხედავს თუნდაც იმ ადამიანების ადგილს, ვინც ახლა მის პარტიაშია. მოკლედ, ბევრი რამ ბუნდოვანი და გაურკვეველია თვით რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობის ჩათვლით. 

ამ ფონზე არჩევნები მათთვის, შესაძლოა, გაცილებით უფრო გასაგები პროცესი იყოს. ეს ხომ ბრძოლის ლეგიტიმური და პოლიტიკური მეთოდია. 

ასე რომ, არჩევანი რევოლუციასა და პარლამენტარობას შორის არ ჩანს რთული გასაკეთებელი.

 

 რევოლუციის ხმა

სააკაშვილი აღიარებს, რომ მის დასაბრუნებლად შესაბამისი ვითარება ჯერ არ არსებობს. ექსპერტების მოსაზრებით ის, რა თქმა უნდა, არეულობას გულისხმობს: ქაოსს ქუჩებში, დაბნეულობას ვერტიკალზე, ჩამოშლილ სახელმწიფო სტრუქტურებს. ამ დროს თურქეთ-საქართველოს საზღვარი იღება და ემიგრანტებთან ერთად აჭარაში სააკაშვილი შემოდის, თბილისში ჩამოდის, რუსთაველზე აქციას მართავს და ხელისუფლებაში მოდის. ბიძინა ივანიშვილი, მისი ამ სცენარის მიხედვით, საქართველოდან გარბის. ასე იკითხება მისი გეგმები.

 

მაგრამ როგორ უნდა დაიწყოს ქაოსი? პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ექსპრეზიდენტმა უკვე გადადგა - აჭარაში ალტერნატიული მთავრობა შექმნა. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ასეთი ჯგუფი სწორედ ბათუმში შეიქმნა - თბილისში ის სწორედ ბათუმიდან ჩამოვა.  

ექსპერტი გია აბაშიძის შეფასებით, ეგრეთ წოდებული, ჩრდილოვანი კაბინეტის, ალტერნატიული მთავრობის შექმნა სწორედ „ქაოსისა და დესტრუქციის შემოტანას ისახავს მიზნად,  ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.“

„რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი კაბინეტების პრაქტიკა არსებობს იგივე დასავლეთში, თუმცა, იქ ეს კაბინეტები ხელისუფლებების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ არ აყენებენ, შესაბამისად, მათი ფუნქცია კრიტიკაა და არა რევოლუციის მოწყობა და ვინმეს დამხობა“ -  ამბობს აბაშიძე.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი რაიმე არეულობის ან ქაოსის შექმნის შანს გამორიცხავს. მეტიც, მისი განმარტებით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში„საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება გარედან ხელშეწყობით დაიწყება“.

ერთხელ ასეთი დაპირისპირება 90-იან წლებში გადავიტანეთ. მაშინ რუსეთი გამსახურდიასაც ეხმარებოდა და შევარდნაძესაც.

ალაფიშვილის განმარტებით, მეორე ტურმა აჩვენა, რომ სააკაშვილისადმი შეურიგებელი პოზიცია საკმაოდ ბევრს აქვს: „ამ 500 ათასმა ადამიანმა, შესაძლოა, ტროტილის ფუნქცია შეასრულოს და აფეთქდეს...“

გია აბაშიძე კი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს უკრაინაში აღარ ჩაესვლება, ამიტომაც ახლა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, „გადმოსვლას გადაწყვეტს ის, გადმოცურვას თუ გადმოფრენას, რევოლუცია არ შედგება, ეს შეუძლებელია“, ამბობს ექსპერტი. 

 

სააკაშვილი და ფოფხაძე

 

უკვე იმდენჯერ დააანონსა სააკაშვილმა რევოლუცია და საქართველოში ჩამოსვლა, რომ მის მიმართ ნდობა სულ უფრო და უფრო ცოტას დარჩა.ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების წრეში მისი უკვე არავის სწამს. ახლა რწმენით ის მხოლოდ საკუთარი ფანებს ავსებს.

ასეთივე ფაზაშია გედევან ფოფხაძეც. „ქართული ოცნებიდან“ გასვლას ისიც ძალიან ხშირად აანონსებს. სამჯერ უკვე არ გავიდა. პირველად მაშინ, როცა ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა გააპროტესტა, მეორედ მაშინ, როცა დავით ჭიჭინაძეს გაეტირა - არ ვეთანხმები მის გარიცხვას და უმრავლესობას დავტოვებო. მესამედ კი მაშინ როცა ბესელიასთან ერთად მოსამართლეების უვადო დანიშვნა გააპროტესტა. 

სააკაშვილიც ასე იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში დასაბრუნებლად გვირაბს თხრიდა, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ზღვით შემოდიოდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კი, ხმელეთით...

ასე რომ, ახლა  ახალი პოლიტიკური ხუმრობაც გაჩნდა, ამბობს გია აბაშიძე, ყველას აინტერესებს, „სააკაშვილი უფრო ადრე ჩამოვა საქართველოში თუ ფოფხაძე უფრო ადრე დატოვებს „ქართული ოცნებას.“

მოკლედ ვის რა ,,ჩელენჯი" აქვს...

ფოტო: კომერსანტი