ანა დოლიძე :" საბჭომ დღეს ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის ამხანაგური სასამართლოს მოწყობა გადაწყვიტა"

17:52 02-11-2019
11

იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე თვლიან, რომ მოსამართლეების მიერ დასმული კითხვები არა მათ მიმართ, არამედ კანონპროექტის ავტორებისადმი უნდა ყოფილიყო დასმული.

"აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან იმისთვის, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო  ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემზე და ნაზიზე,  ვიდრე რაიმე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში. ჩვენ უფრო პატარა მიკრომაშტაბის ასეთი შეტევები უკვე ნანახი გვაქვს საბჭოს წევრების მხრიდან. შესაბამისად, ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იყო ის რაც გავაკეთეთ. ჩვენ ასე მივანიშნეთ მათ, რომ იუსტიციის საბჭომ დღეს გადაწყვიტა ამხანაგური სასამართლოს მეშვეობით ანგარიშსწორება ჩემი და ქალბატონი ნაზის მიმართ."-განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი განმარტა, რომ მისთვის შეხვედრის ხასიათი და ფორმატი უცნობი იყო და არ იცოდა, რომ კითხვები სწორედ მისი მისამართით დაისმებოდა.

" მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი. მოსამართლეებს შეუძლიათ, რომ წავიდნენ და პარლამენტის წევრებს დაუსვან შეკითხვები. ამა თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავცე პასუხი იმ საკითხებზე, რომლებიც  მე არ მომიმზადებია. მე მიმაჩნია, რომ შოუ რომელიც მათ დაგეგმეს ვერ შედგა .დღევანდელი სხდომა დასტურია იმისა, რომ მოსამართლეების ე.წ ერთიანობა რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ  კლანის ინტერესებზე ღაფავს სულს. მე მგონია, რომ დღევანდელი სხდომა იყო ერთ-ერთი ბოლო და მათ გაუჭირდებათ ამ რაოდენობის მოსართლეების კიდევ შეკრება იმისთვის, რომ  გამოხატონ ე.წ ერთსულოვნება".- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი: თაკო ტომარაძე