გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი

14:22 02-11-2019
25

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის  ბრალდებული ლ.შ.  დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ვ.ზ.-მ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.მ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ს.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

ვ.ზ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ლ.შ., რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვ.ზ.-ს მიერ ჩადენილი  განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.  

სამართალდამცველებმა ვ.ზ. და ლ.შ.  2018 წლის 16 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. ვ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო ლ.შ.-ს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ზ. და ლ.შ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო ლ.შ.-ს 2 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც ერთ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა ერთი წელი. ლ.შ.-ს ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა  ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.