ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა (ვიდეო)

12:54 02-11-2019
21

სარაევოს ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ევროპის მე-14 ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც 46 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ბოსნიელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ლარისა ცერიჩმა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო სამთო-მოთხილამურე სანდრო ჟორჟოლიანი.

ცერემონიას დაესწრნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის პოლიტიკური ლიდერები, სარაევოსა და აღმოსავლეთ სარაევოს მერები, ევროპული სპორტის მაღალჩინოსნები, ცნობილი სპორტსმენები.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, სარაევოს ოლიმპიურ მემკვიდრეობაზე, რომელიც 35 წელს ითვლის. მან გაიხსენა 1984 წელს სარაევოში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშები:

„35 წლის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ისევ ესტუმრა სარაევოს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ენთუზიაზმი, ამ ფესტივალზე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები განაახლებს სარაევოს ოლიმპიურ სულისკვეთებას და მის რეპუტაციას ევროპულ სპორტში,“ - განაცხადა კოჩიანჩიჩმა.

ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 8 სახეობა.

რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 6 სპორტსმენით წარსდგება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი); გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი); სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი); ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი); მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი) და ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა) დაიცავენ.