მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი ე.წ ალტერნატიული მთავრობა დაუმორჩილებლობას აცხადებს

17:31 02-10-2019
47

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი ე.წ ალტერნატიული მთავრობა დაუმორჩილებლობას აცხადებს.

"საქართველოს ალტერნატიული მთავრობის" სოციალურ გვერდზე ვრცელდება განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ცხადდება კანონგარეშედ და ქვეყნის მართვას შეუდგება ალტერნატიული მთავრობა დევნილობაში.

"ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას მაფიოზური და კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ! ერთად სახლში ივანიშვილის ოლიგარქიული დასამარცხებლად!

მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ ივანიშვილის ჯიბის პოლიციას და სასამართლოს, აღარ გადაიხადოთ მათ მიერ დაწესებული გადასახადები, არ მივცეთ ამ ეგრედწოდებულ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ძარცვის და ჩვენს ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გამდიდრების საშუალება!

გადაწყვეტილება მიღებულია - #ერთად სახლში, სახლში, სადაც ივანიშვილი ვეღარასოდეს შეძლებს საქართველოს ხელში ჩაგდებას.

ქურდულ ოცნებას, მაფიოზურ და დანაშაულებრივ რეჟიმს ვეღარ მივცემთ უფლებას, გააგრძელოს საქართველოს განადგურება. მივიღეთ გადაწყვეტილება, ოფიციალურად შევქმნათ ალტერნატიული მთავრობა დევნილობაში, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებას უზრუნველყოფს და წინ აღუდგება პუტინის რუსეთის მზაკვრულ გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილი მისი მარიონეტების დახმარებით ცდილობს.

#ერთად სახლში, ძალა ერთობაშია", - აღნიშნულია განცხადებაში.