საქართველოს პრეზიდენტი, რეგიონების განვითარების და მხარდაჭერის მიზნით იმერეთში იმყოფება 

10:53 02-09-2019
41

სალომე ზურაბიშვილის იმერეთის რეგიონში სტუმრობის მიზანია, პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხადაჭერა.

პრეზიდენტი ამ დროისთვის წყალტუბოში იმყოფება, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი მასპინძლობს. ხვალ პრეზიდენტი ქუთაისში ჩავა, ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ ძეგლს, ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. პრეზიდენტი დღეს რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიეს მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.

სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელისანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა კომპანიას ,,ჰერბია“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე