სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კანონს ინდონეზიაში პროტესტი მოჰყვა

16:22 02-08-2019
193

ინდონეზიის მთავრობა ცდილობს ქვეყანაში სექსუალური ძალადობა დასჯადი გახადოს. შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ძალადობის ისეთ შემთხვევებს, რომლებიც აქამდე კანონით დასჯადი არ იყო: სექსუალური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და იძულებითი პროსტიტუცია.

აღნიშნულ კანონპროექტს ინდონეზიაში რელიგიური ჯგუფების, კერძოდ მუსლიმების მხრიდან, მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.

კონსერვატიული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არღვევს მუსლიმთა ღირებულებებს და ზედმეტად ამახვილებს ყურადღებას ქალთა უფლებებზე.

კანონის წინააღმდეგ პეტიციას 150 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ქალთა უფლებების დასაცავად შექმნილი კანონპროექტის საწინაამღდეგო კამპანიის ორგანიზატორი აცხადებს:

„ძალადობრივი სექსუალური ქმედებები კანონით დასჯადი გახდება, მათ შორის ძალადობად ჩაითვლება, თუკი ცოლის უარის მიუხედავად ქმარს მასთან სექსუალური კავშირი ექნება. თუმცა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე სექსი, მაშინაც კი თუ ეს ქორწინებამდე ხდება ან თუნდაც ჰომოსექსუალებს შორის, ნებადართული იქნება,“- ამბობს მაიმონ ჰერავატი.

ახალი კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა. დოკუმენტი იურისტების, ქალთა უფლებამდაცველი ორგანიზაციების, აკადემიკოსებისა და სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

ქალთა გაძლიერებისა და ბავშვთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინდონეზიელი ქალების კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია, ისინი დაცული იყვნენ ყველა სახის, მათ შორის სექსუალური ძალადობისგან“.

სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს ინდონეზიაში, ქალებზე  ძალადობის 13 384 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 1/3 სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო. სამინისტროს განცხადებით, ზალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია, თუმცა ქალების უმრავლესობა შესაბამის უწყებებს არ მიმართავს დახმარებისთვის.

კანონპროექტის ძალაში შესვლის აუცილებლობის მიუხედავად, პროტესტის ფონზე, მისი რატიფიცირება ჯერ ვერ ხდება.