„ამით ქვეყანაში ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დასრულდა, დაიწყო მურუსიძის ჩრდილოვანი მმართველობა“ - გია ხუხაშვილი

18:54 02-05-2019
665

ქეთი ხატიაშვილი

 

გედევან ფოფხაძე დაბნეული ჩანს. ასეა ყოველვის, როცა აპოლიტიკური პირი პოლიტიკაში მიდის. ამიტომაც იყო, რომ გედიმ ჯერ ვერ გაიგო როგორ დამთავრდა პოლიტსაბჭო, როცა მოსამართლეების კრიტერიუმების დადგენის წესზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. ამის შესახებ თავადვე განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ. ახლა ის ვერ დაადგინა თავად დატოვოს პარტია „ქართული ოცნება“, თუ დაელოდოს ისინი როდის გარიცხავენ. მოკლედ, მხოლოდ კითხვები აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ეკა ბესელიამ მისი კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვერ დაალობირა. კომიტეტს ამიერიდან ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარის დახასიათებისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ სიტყვა მორალურიც იხმარა, თქვა რომ მას მორალური უპირატესობაც აქვს. 

მოკლედ, ოხანაშვილს გულთბილად შეხვდნენ, უკმაყოფილო პირებს კი კარებისკენ მიუთითეს. „ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ“ - ეს სიტყვები კახა კალაძემ თქვა არა როგორც თბილისის მერმა, არამედ, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

თუმცა, კალაძემ ამ ფრაზით ფოფხაძეს უპასუხა, პასუხი მას ბესელიამ გასცა. 

„მე ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს - მე მგონია, რომ კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომლებმაც გუშინ გაიღვიძეს და გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას.“

გედევანმა გუნდის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ არ გამორიცხა, რაც პარტია ოხანაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, მან საკუთარი პროტესტი მაინც მოსამართლეების თემას დაუკავშირა. მისი თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო და მიხვდა რომ მის შინაარსს არ ეთანხმება.

განცხადებას ეკა ბესელიაც გაეცნო, თუმცა, მიხვდა, რომ უნდა დარჩეს პარტიაში და ბოლომდე იბრძოლოს, როგორც თავად ამბობს, „სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის“.  

ფოფხაძისგან განსხვავებით ბესელიამ ღიად მიანიშნა, რომ მას პროტესტი აქვს, მაგრამ კითხვები - არა, შესაბამისად, ის წასვლას კი არა, ბრძოლას აპირებს. 

ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, ეკა წავა თუ დარჩება ეს საერთოდ არ არის საინტერესო, „იმდენად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში“.

ასეთ საკითხად ექსპერტი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ასახელებს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას კი „რუბიკონის გადალახვად“ აფასებს და ამბობს:

„ამით ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დასრულდა და დაიწყო ლევან მურუსიძის ჩრდილოვანი მმართველობა. ვინ დაიჯერებს, რომ განცხადება, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ივანიშვილის დაწერილია? ეს მურუსიძის ხელწერაა. ასე რომ, ამ წერილით ხელისუფლება ივანიშვილიდან მურუსიძეს გადაეცა“ - აცხადებს ექსპერტი. 

გია ხუხაშვილის შეფასებით, ამით ოცნებამ ნაციონალების „საბოლოო რეაბილიტაცია მოახდინა“ და ახლა, სწორედ ის არის ნაციონალების მძიმე მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი.

ექსპერტი მოვლენების საინტერესოდ განვითარებას ელოდება. ის მიიჩნევს, რომ ეს გზა „აჩვენებს ხელისუფლების სუიციდისადმი მიდრეკილებას“.