ხორბლის გადამზიდავები 20 თებერვლიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ

18:21 02-05-2019
429

ხორბლის გადამზიდავები სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ მიზანმიმართულ ბარიერებზე საუბრობენ და 20 თებერვლიდან საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

„გვსურს ჩვენი ხმა მივაწოდოთ პრემიერ-მინისტრს. ხორბლის გადამზიდავებს ქვეყანაში მიზანმიმართულად უქმნიან პრობლემებს. საქმე ეხება ლარსის გამშვებ პუნქტთან მთელი თვის განმავლობაში გზის არარსებობას, იმ არგუმენტით, რომ თითქოს ოცდამეერთე საუკუნეში გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. გვაქვს ეჭვი, კონკრეტული პირები ამ ფორმით ქვეყანაში ავტოტრანსპორტით შემოტანილ ხორბალს ებრძვიან, რათა საჭირო  მარაგის შევსება საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით მოხდეს. ეს იქნება კატასტროფა, როგორც გადამზიდავებისთვის, ვის უკანაც ასობით ოჯახი დგას, ასევე ქვეყნის მოსახლეობისთვის. ვინაიდან ხორბლის გემით შემოტანა გაცილებით ძვირი ჯდება ეს ბაზარზე ხორბლის, შესაბამისად პურის ფასს საგრძნობლად გააძვირებს,“ - აცხადებს დავით მათიაშვილი, რომელიც ხორბლის გადამზიდავთა მიერ ფინანსთა სამინისტროსთან მოსალაპარაკებლად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრია.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავებმა საპროტესტო აქციები გასული წლის სექტემბერშიც გამართეს. მაშინ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა. აქციებს ფინანსთა მინისტრის მხრიდან იმ ბრძანების გაუქმება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან სახმელეთო ტრანსპორტით ხორბლის შემოტანა უნდა აკრძალულიყო.  

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი